ახალი ამბები

საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში

2015 წლის 24-26 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მერი კოჭლამაზაშვილმა საინფორმაციო შეხვედრები გამართა ზუგდიდში, ბათუმსა და ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და იძულებით გადაადგილებულ პირებთან – დევნილებთან.

შეხვედრები მიზნად ისახავდა, რეგიონებში იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა, სფეროში არსებული პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების განხილვას. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მიაწოდა ინფორმაცია მიმდინარე წელს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე ამ მიმართულებით. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა, ასევე რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებთან-დევნილებთან. შეხვედრებისას საუბარი იყო, იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში არსებული სიახლეების თაობაზე. დისკუსიაზე განიხილეს რეგიონებში არსებული პრობლემები, მათი გამომწვევი ფაქტორები და თანმდევი შედეგები.

გამოიკვეთა, რომ რეგიონებში მცხოვრები დევნილი მოსახლეობისათვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობაა. კერძოდ, მათ ხელი არ მიუწვდებათ იმ სიახლეებსა და მოვლენებზე, რომლებიც უშუალოდ ახდენს გავლენას მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. კვლავ პრობლემად რჩება ნელი ტემპებით მიმდინარე საცხოვრებელი ფართების დევნილთათვის საკუთრებაში გადაცემის პროცესი და ამა თუ იმ ობიექტში უმძიმესი საცხოვრებელი პირობები.

შეხვედრები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით მოქმედი პროექტის, „სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერება იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების გადასაჭრელად“ ფარგლებში ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)