ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩომ ადამიანის უფლებათა დამცველები დააჯილდოვა

2020 წლის 27 თებერვალს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ღონისძიებაში, რომელზეც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები დააჯილდოვეს. წლის თემა იყო - ბავშვის უფლებების დაცვა საქართველოში. ღონისძიების ფოკუსი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვაზე გაკეთდა.

„ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი ნაწილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებია; განსაკუთრებით კი რეგიონში მცხოვრები შშმ ბავშვები, ვინაიდან ბევრი სკოლა არ არის ადაპტირებული და მოწყობილი ინკლუზიური სწავლებისთვის. ამასთან, იმის გამო, რომ სახელმწიფო სერვისები ძირითადად თბილისსა და დიდ ქალაქებშია ხელმისაწვდომი, შშმ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში, ოჯახების დატოვება და სხვა ქალაქებში უწევთ ცხოვრება.

სერიოზული გამოწვევები გვაქვს ფსიქიკური ჯანდაცვის მიმართულებითაც, სადაც კვლავ დეინსტიტუციონალიზაციის პრობლემა დგას. ასეთ ვითარებაში, როდესაც სახელმწიფო სერვისები გამართულად არ მუშაობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების აქტიურობას და ძალისხმევას“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

2020 წელს საფრანგეთის საელჩომ 13 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა განიხილა და სახალხო დამცველმა ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის ჯილდო გადასცა არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა კავშირს“. ორგანიზაცია მიიღებს 2 000 ევროს, რომელიც დაიხარჯება კონკრეტული ხე-ტყის აღჭურვილობის შეძენისთვის, რაც არასამთავრობო ორგანიზაციას საშუალებას მისცემს გააგრძელოს პროფესიული განათლება და სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების და მათი მშობლებისთვის.

საფრანგეთის საელჩომ ასევე დააჯილდოვა „იმედი ჰანდიკაპი“ - იმ თავდადებული მუშაობისთვის, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ შუახევში (აჭარაში) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დღის ცენტრის მშენებლობისთვის გასწია.

ამ ფორმით საფრანგეთის რესპუბლიკა კიდევ ერთხელ გამოხატავს თავის მტკიცე და მნიშვნელოვან მხარდაჭერას იმ ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებებს იცავენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)