ახალი ამბები

რეკომენდაცია მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით

საქართველოს, როგორც სოციალური სახელმწიფოს ერთ-ერთი ვალდებულება მაღალმთიანი რეგიონებისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნაა. ამ მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ 2015 წელს მიღებული კანონით ქვეყანამ მაღალმთიანი რეგიონების მაცხოვრებლებს გარკვეული შეღავათები დაუწესა, რაც მათ კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას, დასაქმების ხელშეწყობას, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება. კანონი მაღალმთიანად მიიჩნევს იმ დასახლებას, რომელსაც დემოგრაფიულ მდგომარეობასა და სხვა კრიტერიუმებთან ერთად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სიმწირეც ახასიათებს.

სწორედ მაღალმთიან რეგიონს წარმოადგენს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვაბიჯვარი, რომლის კუთვნილი 70 ათას კვადრატულ მეტრამდე სათიბი მიწა საქართველოს მთავრობამ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში.

ქვაბიჯვრის საკითხის შესწავლისას სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სოფელს საკუთრებაში არ გააჩნდა სათიბი დანიშნულების მიწა, გარდა ეკლესიისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთისა. ამდენად, ცხადია, რომ არ გამოკვლეულა თუ რა გავლენას მოახდენდა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე სათიბების მხოლოდ ერთ სუბიექტზე რეგისტრაცია.

მაღალმთიანი სოფლის მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნით, სახალხო დამცველმა 2019 წლის 25 ოქტომბერს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მოითხოვა განაახლოს მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული წარმოება, სრულად ან ნაწილობრივ ბათილად ცნოს იგი და მიიღოს ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილება, საქმის გარემოებების ყოველმხრივ და სრულყოფილად გამოკვლევის საფუძველზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება