ახალი ამბები

რეგულარული დიალოგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან

2015 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრა მოაწყო.

ღონისძიების გახსნისას სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე სიახლეებზე ადამიანის უფლებათა აკადემიის გახსნასა და ცხელი ხაზის ამოქმედებაზე ისაუბრა; მოკლედ მიმოიხილა ადამიანის უფლებათა თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, მათ შორის, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავა, საიდუმლო ჩანაწერების გამოქვეყნებისა და საჯარო ჩვენების შესახებ გამოძიების საკითხები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ჩატარებული საქართველოს მოსამართლეთა დანიშვნის/დაწინაურების კონკურსის ხარვეზები, პოლიციის მიერ ადვოკატ გიორგი მდინარაძის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სხვა წევრების სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების გამოძიების აუცილებლობა, შუალედური არჩევნები და საკანონმდებლო ცვლილებები და სხვა აქტუალური თემები.

სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო პერიოდში გამოცემული სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშები წარუდგინეს. ასევე, ისაუბრეს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში დიპლომატიურ კორპუსთან მჭიდრო თანამშრომლობის ინიციატივაზე.

შეხვედრის დამსწრეებს მიეცათ საშუალება მიეღოთ პასუხები განხილულ თემებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო შეკითხვებზე, რომლებიც ეხებოდა ქვეყანაში, ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებს.

20.11.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება