ახალი ამბები

მრგვალი მაგიდა გიორგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ

2015 წლის 20 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების, „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, იმპლემენტაცია საერთო სასამართლოების პრაქტიკაში. ღონისძიებას ესწრებოდნენ საერთო სასამართლოების მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით დაადგინა სტანდარტი, რომელიც სისხლის სამართალწარმოების პროცესში უნდა დაიცვას სახელმწიფომ, ბრალდებული პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადგენს კონკრეტულ წინაპირობებს, რომლითაც განამტკიცებს სახელმწიფოს მიერ თავისუფლების შეზღუდვის დასაბუთების და უკიდურესი საჭიროების ვალდებულებას. ამ თვალსაზრისით, სახალხო დამცველი მართებულად მიიჩნევს სასამართლო და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენელთა ერთობლივი დიალოგის წარმართვას.

შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების კონსტიტუციურ პრინციპთან შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის დანერგვის აუცილებლობის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია განიხილა. მან აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების საერთო სასამართლოების მიერ სრულყოფილად იმპლემენტაციაა აუცილებელი. ასევე აღნიშნა, რომ არასწორი იქნება ამ გადაწყვეტილების განმარტების ფორმალური მიდგომის არჩევა და ეს არ ემსახურება კონსტიტუციით დაცული თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლების დაცვას.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებაში ნათლად გამოყო კონკრეტული წინაპირობები, რომლის დაცვა აუცილებელია საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლების ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად; პატიმრობა პირის მიმართ არ უნდა აღემატებოდეს 9 თვეს, მიუხედავად მის მიმართ წარდგენილი ბრალის რაოდენობისა - ეს არის ზოგადი დანაწესი, რომელიც მოქმედებს ყველა სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას.

პატიმრობის ვადა შეიძლება აღემატებოდეს 9 თვეს მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს საგამონაკლისო გარემოებები: 1. თუ პირმა დანაშაული პატიმრობაში ყოფნის პირობებში ჩაიდინა; 2. პირმა დანაშაული პატიმრობის შეფარდებამდე ჩაიდინა, თუმცა ამ დანაშაულისათვის ბრალის წაყენების საფუძველი ცნობილი გახდა პირველ საქმეზე პატიმრობის შეფარდების შემდეგ. სასამართლომ, მიუხედავად იმისა, დანაშაული ჩადენილია პატიმრობის შეფარდებამდე თუ პატიმრობის შეფარდების შემდეგ, აუცილებლად უნდა შეაფასოს საგამოძიებო მოქმედებათა თანმიმდევრობა და ბრალის წარდგენასა და ბრალის გამოვლენის საფუძველს შორის შუალედი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ლოგიკა გამორიცხავს განმეორებითი პატიმრობის შეფარდებას პირისთვის იმ შემთხვევაში, თუ ბრალის გამოვლენის საფუძველი და ბრალის წარდგენა დროში არაგონივრულადაა აცდენილი.

საერთო სასამართლოები ვალდებული არიან განავითარონ ერთიანი სწორი სასამართლო პრაქტიკა და არ მოხდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არასწორი/არასრული განმარტება ან ინტერპრეტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილი ექნება ბრალდებულის კანონიერი უფლებების დარღვევის ფაქტს და არაკონსტიტუციური საფუძვლით პირის თავისუფლების შეზღუდვას.

სახალხო დამცველის შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმპლემენტაცია საერთო სასამართლოების მიერ ხარვეზიანად წარიმართა, რაც გამოვლინდა გ.ო.-ს და გ.უ.-ს მიმართ გამოტანილ განჩინებებში. სასამართლომ ორივე შემთხვევაში არასრულყოფილად შეაფასა ის გარემოებები, რომელთაც, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებითი მნიშვნელობა აქვს პირის პატიმრობაში ყოფნის 9 თვიანი ვადის დაცვისათვის.

დისკუსიის მონაწილეებმა საერთო სასამართლოების სისტემაში ამ დრომდე არსებული პრაქტიკა მიმოიხილეს, ასევე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების გამოტანას მოჰყვა. დისკუსიამ ცხადყო, რომ არ არსებობდა ერთიანი ხედვა, თუ რა მიდგომა ჩაითვლება საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილების სრულყოფილ იმპლემენტაციად. შესაბამისად, სახალხო დამცველის აზრით ამ საკითხზე მსჯელობის გაგრძელება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ჩართულობით აუცილებელია.

20.11.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება