ახალი ამბები

ლტოლვილთა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში

2019 წლის 19 ივნისს, ლტოლვილთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მრგვალი მაგიდა გამართა თემაზე – საქართველოში ლტოლვილთა და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა სახალხო დამცველის საქმიანობა ლტოლვილთა და უცხოელთა მდგომარეობის შესწავლის შესახებ.

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში განვითარებული მოვლენების მსგავსად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოშიც იმატა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა. 2018 წლის მონაცემებით საქართველოში 1 382 ლტოლვილი და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა რუსეთის, ერაყის, უკრაინის და სირიის მოქალაქეები არიან. ნინო ლომჯარიამ ამ მიმართულებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და გასული წლების დადებით ნაბიჯად შეაფასა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მისი კანონქვემდებარე აქტების პაკეტის შემუშავება და მიღება. თუმცა, მონიტორინგისა და შესწავლის შედეგად პრაქტიკაში გამოვლენილ გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითა. მათ შორის, კვლავ აქტუალურია სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტით თავშესაფრის მაძიებლისათვის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა – კონკრეტული საფუძველის მითითების გარეშე; სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტით ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმა. ცალკეულ შემთხვევებში პრობლემას წარმოადგენს საქართველოს სასაზღვრო-გამტარი პუნქტებიდან კონკრეტული საფუძვლის მითითების გარეშე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შემოსვლაზე უარის თქმა, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ცალკეული პრობლემები გამოვლინდა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე უცხოელთა შეყოვნების პირობებთან დაკავშირებით. ასევე გამოწვევას წარმოადგენს თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია.

თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა ერთ–ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახალხო დამცველის აპარატისთვის. 2015 წლიდან სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები ინტენსიურად სწავლობენ, როგორც ზოგადად თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებრივ მდგომარეობას საქართველოში, ასევე ახორციელებენ ინტენსიურ მონიტორინგს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე თავშესაფრის პროცედურის ხელმისაწვდომობის შესაფასებლად, თავშესაფრის პროცედურის ხარისხის შეფასების მიზნით ამოწმებდნენ ლტოლვილის სტატუსის დადგენის პროცედურის და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრს; პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ასევე ტრენინგები, როგორც უშუალოდ აპარატის თანამშრომელთათვის თავშესაფრის საკითხებზე, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებისთვის თავშესაფრის საკითხებსა და კანონმდებლობაზე.

ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიმართა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება