ახალი ამბები

ლგბტ+ თემის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის ფართის გადაცემაზე უარის გამო სახალხო დამცველმა დისკრიმინაცია დაადგინა

2020 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი სსიპ „შოთა რუსთაველის ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტის“, ააიპ „აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის ბიბლიოთეკისა“ და მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრ „მუზას“ წინააღმდეგ.

2019 წლის მაისი-აგვისტოს პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველს სამი სხვადასხვა ორგანიზაციის წინააღმდეგ მომართეს ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ა(ა)იპ „იდენტობამ“ და ა(ა)იპ „თბილისი პრაიდმა“, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ლგბტ+ თემატიკაზე ღონისძიების ჩატარების მიზნით სივრცის გამოყოფაზე მოპასუხეების მიერ, ფორმალურ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, ეთქვათ უარი. სამივე მოპასუხე მხარე, განმცხადებლებისთვის საჯარო ლექციის ჩატარებაზე/სპექტაკლის გამართვაზე უარის მიზეზად მათ შენობებში ჩასატარებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებდა.

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის ბიბლიოთეკისა და შპს „მუზას“ მიერ განმცხადებელი ორგანიზაციებისათვის სივრცის დათმობაზე უარი, შესაძლოა, ეფუძნებოდა ობიექტურად შექმნილ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხეების მზაობა, განმცხადებლებისთვის ალტერნატიული გამოსავალი შეეთავაზებინათ, არ არსებობდა. ამასთან, სახალხო დამცველის შეფასებით, „თბილისი პრაიდის“ გამართვასთან დაკავშირებული მოვლენების ირგვლივ საზოგადოებაში შექმნილმა უარყოფითმა და მტრულმა დამოკიდებულებამ არსებითად გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ მოპასუხეებს თავი აერიდებინათ, იმავე პერიოდში, მათ სივრცეში ლგბტ+ საკითხებზე საუბრისაგან. შესაბამისად, მათ დისკრიმინაციული მოტივით, ფორმალურ არგუმენტებზე დაყრდნობით, განმცხადებლებს უარი უთხრეს ღონისძიებების ჩატარებაზე.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში აღნიშნა, რომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება - ორ შემთხვევაში ლექციის ჩატარებაზე და ერთ შემთხვევაში სპექტაკლის გამართვაზე უარის თქმა, არ იყო აუცილებელი საშუალება, ვინაიდან ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ბათუმის ბიბლიოთეკაში არსებობდა ალტერნატიული ფართი, ხოლო შპს „მუზაში“ შესაძლებელი იყო ალტერნატიული თარიღის შერჩევა, რომლის შეთავაზებითაც განმცხადებლების უფლებაში ჩარევა ნაკლები ინტენსივობით მოხდებოდა და მათ დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემოდათ. ამასთანავე, სახალხო დამცველმა აქცენტი გააკეთა სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და ა(ა)იპ „აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის“, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაზე, ხელი შეუწყონ თანასწორობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და შემწყნარებლობაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა მოპასუხე მხარეებს, შეიმუშაონ დისკრიმინაციის აკრძალვისა და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი; მომავალი საქმიანობა წარმართონ თანასწორობის პრინციპის დაცვით და ხელი შეუწყონ ლგბტ+ თემისა და სხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას.

იხილეთ რეკომენდაციის ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება