ახალი ამბები

საინფორმაციო აქცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს

2019 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისთან და ევროპის საბჭოსთან ერთად თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საინფორმაციო კამპანია გამართა.

ღონისძიებაზე, რომლის თემაც წელს არის - „ახალგაზრდები ადამიანის უფლებების დასაცავად“, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თბილისის მოსახლეობას სიტყვით მიმართა. „1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულმა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციამ მრავალ მნიშვნელოვან საერთაშორისო ხელშეკრულებას ჩაუყარა საფუძველი, რამაც მსოფლიო მასშტაბით დაამკვიდრა ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ და ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში თანადგომისათვის სახალხო დამცველის საერთაშორისო პარტნიორებს მადლობა გადაუხადა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში ლელა აქიაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში კრისტიან ურსე და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი მრჩეველი (OHCHR) სამხრეთ კავკასიაში ვლადიმერ შკოლნიკოვი.

კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, თბილისსა და საქართველოს 9 დიდ ქალაქში მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები. ასევე, გაიმართა როლური თამაში - როგორ მოვიქცეთ პოლიციელთან ურთიერთობის დროს. * სახალხო დამცველის აპარატმა ამ დღესთან დაკავშირებით, მოქალაქისა და პოლიციის ურთიერთობის სახელმძღვანელოდ სპეციალური ბროშურა მოამზადა.

ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის პროექტის „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით.


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება