ახალი ამბები

კლოჩე სარე სალი - იეზიდური ახალი წლის დღესასწაული

საქართველოს სახალხო დამცველი ეზიდ თანამოქალაქეებს კლოჩე სარე სალის დღესასწაულს ულოცავს და მათ მშვიდობიან, უხვ და ბედნიერ წელიწადს უსურვებს. იეზიდებისათვის ეს დღე განახლების, გაზაფხულის, ახალი სიცოცხლის, ახალი წლის დაწყების სიმბოლოა.

ტრადიციულად ამ დღისათვის საახალწლო ნამცხვარი კლოჩი ცხვება, რომელშიც ერთი მძივის ბურთულაა დამალული. ოჯახის უფროსი კლოჩს შვიდი წმინდანისა და ოჯახის წევრების სახელზე ჭრის. რომელი წმინდანის სახელზე დაჭრილ ნაჭერშიც აღმოჩნდება მძივის ბურთულა, ის წმინდანი ხდება წლის ოჯახის მფარველი, ხოლო თუ ბურთულას ოჯახის წევრთა სახელზე განკუთვნილ ნაჭერში აღმოაჩენენ, მაშინ ოჯახის ეს წევრი წლის მეკვლე ხდება.

კლოჩის დაჭრის ტრადიცია დასაბამს ძველი გადმოცემიდან იღებს, როდესაც ლალიშში (იეზიდთა რელიგიური ცენტრი, ერაყის ქურთისტანი) წმინდა შეიხები შეიკრიბნენ, კლოჩში მძივის ბურთულა ჩააგდეს და ის, ვისაც მძივის ბურთულა შეხვდა, მთავარი შეიხი გახდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)