ახალი ამბები

გენდერული თანასწორობის საკითხები სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში

საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილ ერთ–ერთ საკითხს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის და გენდერული მეინსტრიმინგის პრაქტიკული გამოცდილებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენს.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გააანალიზა აღმასრულებელი ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობა; შეისწავლა ყველა დონეზე დასაქმებულ პირთა გენდერული შემადგენლობა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ანდა სტრუქტურული ერთეულის არსებობისა და ფუნქციონირების საკითხი. შესწავლის შედეგებმა აჩვენა, რომ რიგი სამინისტროების, ისევე როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ, დასაქმებულთა გენდერული შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ გროვდება, მით უფრო, არ ხდება ამ ინფორმაციის გაანალიზება და გამოქვეყნება. აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე, როგორც სამინისტროებში, ისე სახელმწიფო მინისტრის აპარატებში დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია, თუმცა ხელმძღვანელ პოზიციებზე ისინი ნაკლებად არიან წარმოდგენილნი. აღნიშნული გარემოება შესაძლოა უკავშირდებოდეს ე.წ. შუშის ჭერის არსებობას, რაც უხილავ ბარიერს წარმოადგენს და ხელს უშლის ქალთა თანამდებობრივ დაწინაურებას ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ მონაწილეობას.

გენდერული თანასწორობის საკითხებზე მხოლოდ სამ სამინისტროშია დამტკიცებული პასუხისმგებელი პირი, ხოლო დანარჩენ უწყებებში საქმიანობას ითავსებს, ან საჭიროებისამებრ განისაზღვრება პასუხისმგებელი პირი. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წელს მოიმატა იმ ადგილობრივი თვითმმართველობების რიცხვმა, სადაც გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირი - „გენდერის მრჩეველი“ განისაზღვრა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ საანგარიშო პერიოდში გამართული საინფორმაციო შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია სოფლის განვითარების პროგრამებში გენდერული თანასწორობის და, ზოგადად, ქალთა მონაწილეობის საკითხმა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ქალები სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით სასურველი პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების არცერთ ეტაპზე არ მონაწილეობენ. ამის მიზეზია ის, რომ ერთი მხრივ, ქალთა ჩართულობა ამ პროცესებში საზოგადოების მხრიდან უარყოფითად აღიქმება, ხოლო მეორე მხრივ, თავად გამგებლის წარმომადგენლები არ იწვევენ ქალებს სოფლის კრებებზე. აღნიშნულს ადასტურებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიღებული ინფორმაცია, სოფლის განვითარების პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში (სათემო კრებები და სხვა) მონაწილე პირთა სქესის ნიშნით დიფერენცირებული რაოდენობის შესახებ; 2015 წელი მნიშვნელოვანი იყო კვოტირების მექანიზმის შემუშავებასთან დაკავშირებით წამოწყებული საპარლამენტო განხილვების თვალსაზრისითაც. საქართველოს სახალხო დამცველმა მხარი დაუჭირა ქალთა მოძრაობის ინიციატივას 50/50, რომელიც გულისხმობს კანდიდატთა სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის წარმომადგენელს, რაც სახალხო დამცველის აზრით, წარმოადგენს არსებული უთანასწორო მდგომარეობიდან თავის დაღწევის რეალურ გამოსავალს და შანსს, რომ ორივე სქესის წარმომადგენლებს თანაბრად მიეცეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საკომიტეტო განხილვისას მხარი არ დაუჭირა კვოტირების შესახებ არცერთ ინიციატივას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)