ახალი ამბები

განცხადება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1999 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ #54/134 რეზოლუციის მიღებით დაფუძნდა. ამ დღის აღნიშვნის მიზანს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს, რაც საქართველოსთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საკითხია.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ არაერთი ნაბიჯი გადადგა და მათ შორის, ხელი მოაწერა „ქალთა წინააღმდეგ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს 2011 წლის კონვენციას, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ერთიანი მიდგომისა და ხედვის არსებობა სერვისის მიწოდებაზე პასუხისმგებელ უწყებებში.

მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ქალთა მკვლელობების შემთხვევები. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 17 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. საიდანაც 9 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში იქნა ჩადენილი; ხოლო 3 შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განპირობებულ ძალადობას.

პრობლემის მასშტაბებისა და სიმძაფრის გათვალისწინებით, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა თითოეულმა ქალმა იგრძნოს თავი ძალადობისაგან დაცულად; რათა მათ ჰქონდეთ იმედი, რომ მიმართვის შემთხვევაში, საჭირო დახმარებას მიიღებენ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებში სოციალურ მუშაკთა ჩართვას, რაც საქართველოში ჯერ კიდევ ვერ განხორციელდა.

ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საუბრისას, არ შემიძლია არ აღვნიშნო გოგონათა მიმართ ძალადობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება. ძალიან მაღალია ადრეული ქორწინების შემთხვევები, რაც, სამწუხაროდ, სტატისტიკის გარეთ დარჩენილი ციფრებია. 2015 წლის პირველ ნახევარში, 16-დან 18 წლამდე პირთა (როდესაც ერთი პირი მაინც იყო არასრულწლოვანი) 265 ქორწინება დარეგისტრირდა. თუმცა, გაცილებით მაღალია ადრეულ ასაკში არაფორმალური ქორწინებები. ამაზე მეტყველებს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებიც შვილის გაჩენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. 2014 წელს, ასეთი 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა.

სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინირებაც საკმაოდ სუსტია.

დაბოლოს, საქართველოს სახალხო დამცველი უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებლის – ქალბატონი დუბრავკა სიმონოვიჩის 2015 წლის 23 ნოემბრის მოწოდებას, რომლის მიხედვითაც ყველა სახელმწიფომ მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების პრევენციაზე და შექმნას გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობებზე ზედამხედველობის სისტემა. ყოველი წლის 25 ნოემბერს კი, წარმოადგინოს შემთხვევათა დეტალური ანალიზი.

ნიშანდობლივია, რომ 2015 წლის 9 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი გაეროს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა და ქალთა მკვლელობების მონიტორინგის შედეგები გააცნო. შეხვედრის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე, ქალბატონმა დუბრავკამ მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს და ერთიანი სტატისტიკური მონაცემების აუცილებლობაზე ისაუბრა.

საქართველოს სახალხო დამცველი აგრძელებს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას და მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს, სრული ძალისხმევა მიმართონ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)