ახალი ამბები

განცხადება ჟურნალისტ ირაკლი გედენიძისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება 2015 წლის 4 მარტს „ვარდების მოედანზე“ მიმდინარე აქციის გაშუქების დროს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძისთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის და მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს.

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ფოტოკორესპონდენტ ირაკლი გედენიძეს, რომელიც აშუქებდა „ვარდების მოედანზე“ მიმდინარე აქციას ერთ–ერთი ავტომანქანიდან გადმოსული აქციის მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა და დაუმტვრია ფოტოკამერა. როგორც გავრცელებული ვიდეო მასალიდან ირკვევა, ინციდენტში აქტიურ მონაწილეობას იღებს კიდევ ერთი პიროვნება.

სახალხო დამცველის წარმომადგენელთან საუბარში ირაკლი გედენიძემ აღნიშნა, რომ მანქანიდან გადმოსული პირი მისგან მოითხოვდა გადაღებული მასალის წაშლას, რაზეც გედენიძემ უარი უთხრა და განუმარტა, რომ იყო ჟურნალისტი და ახორციელებდა პროფესიულ საქმიანობას. ამის შემდეგ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გედენიძის განმარტებით, აქციის მონაწილე მეორე პირი, რომელიც ასევე ჩანს გავრცელებულ ვიდეომასალაში, მას აკავებდა და არ აძლევდა თავდაცვისა თუ გარიდების შესაძლებლობას.

როგორც შსს–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაციით დგინდება, ძალადობით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ნივთის დაზიანების ბრალდებით (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 188-ე მუხლის 1 ნაწილით) დაკავებულია ერთი პიროვნება და მიმდინარეობს გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ჟურნალისტ ირაკლი გედენიძის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს, მის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს მიიღონ შესაბამისი ზომები,ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დადგენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ადეკვატური სანქციების გატარების მიზნით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი აწესებს მაღალ სტანდარტს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობასთან მიმართებით და ითვალისწინებს ისეთ დანაშაულს, როგორიცაა ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გამოძიების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარმართვის ფაქტს და იმედოვნებს, რომ გამოძიება დროულად, გონივრულ ვადებში ჩატარდება.

ამასთან, მომავალში მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია სამართალდამცავმა ორგანოებმა, ორგანიზებული აქციის დროს მიიღონ ყველა შესაძლო კანონისმიერი ღონისძიება მსგავსი ქმედებების პრევენციისა და ზოგადად, ჟურნალისტებისათვის პროფესიული საქმიანობის დაუბრკოლებლად განხორციელების უზრუნველსაყოფად.

გარდა აღნიშნულისა, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორ პოლიტიკურ პარტიებს, განუმარტონ თავიანთ აქტივისტებს მედიის მუშაობის პროფესიული გარანტიები, აღნიშნულის ხელყოფის სამართლებრივი შედეგები და შეძლებისდაგვარად, უზრუნველყონ ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება, ხოლო მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში ადეკვატური შეფასება მისცენ მომხდარს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება