ახალი ამბები

განცხადება 21 მარტს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს გაუწევს 2015 წლის 21 მარტს თბილისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას. სახალხო დამცველის წარმომადგენლებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები ღონისძიების მიმდინარეობისას დააკვირდება სავარაუდო ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რასაც სათანადო შესწავლის შედეგად შესაბამისი რეაგირება მოყვება.

შაბათს, 21 მარტს პირებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ გახდნენ ადამიანის უფლებათა შელახვის მსხვერპლი, ან აღმოჩნდნენ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო შემთხვევის თვითმხილველები, საშუალება ექნებათ დარეკონ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე – 2913814/15.

შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება გარანტირებულია ეროვნული კანონმდებლობით – საქართველოს კონსტიტუციით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით და მთელი რიგი საერთაშორისო აქტებით, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-11 მუხლითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 21-ე მუხლით.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, არა მხოლოდ არ ჩაერიოს შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების რეალიზაციაში, არამედ, ხელი შეუწყოს მის სრულფასოვან განხორციელებას. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები ნებისმიერი პიროვნებისგან ან ჯგუფისგან, რომელიც შეეცდება აქციისთვის ხელის შეშლას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება