ახალი ამბები

გაეროს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე

2019 წლის 10-11 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ ორგანიზებულ კონსულტაციებში მიიღო მონაწილეობა.

კონსულტაციების მიზანი იყო განეხილათ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების როლი კერძო კომპანიების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევის საქმეთა განხილვაში.

თავის გამოსვლაში თამარ გვარამაძემ ისაუბრა სახალხო დამცველის მანდატზე, აპარატის მიერ შრომით უფლებებსა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საქმეების განხილვაზე; ყურადღება გაამახვილა თანასწორობის მექანიზმზე და ამ მხრივ აპარატის საქმიანობაზე. ასევე ისაუბრა ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სახალხო დამცველის საბაზისო კვლევის განხორციელების კუთხით არსებულ პოზიტიურ გამოცდილებაზე და სამომავლოდ ამ მიმართულებით განსახორციელებელ აქტივობებზე.

განსაკუთრებით გაუსვა ხაზი საქართველოს კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებს, რომელთა მიხედვით, კერძო კომპანიების მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო ხასიათის გახდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)