ახალი ამბები

ევროსაბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტი სახალხო დამცველის მუშაობას დადებითად აფასებს

2019 წლის 5 სექტემბერს ევროპის საბჭომ, საქართველოსთან დაკავშირებით, „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მესამე მოსაზრება გამოაქვეყნა.

მრჩეველთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა, როგორც ეროვნულ უმცირესობათა დაცვის მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯებზე, ასევე სხვადასხვა პრობლემურ საკითხებზე და სახელმწიფო უწყებების მიმართ შესაბამისი რეკომენდაციები გასცა.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოში რელიგიური და ეროვნული უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობა, ასევე შეფასებულია სხვადასხვა ინსტიტუტების, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველის მუშაობა.

დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დაცვისათვის სამართლებრივი ჩარჩო გაძლიერებულია, რაც განსაკუთრებით გამოიხატა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებით და ამ მიმართულებით, აქტიური ცნობიერების კამპანიების წარმართვის აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული. პრობლემურ საკითხთა შორის არის რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია, სათანადო სტატისტიკის სიმწირე, უმცირესობათა განათლების უფლებით ეფექტური სარგებლობა და ა. შ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიური უმცირესობები სტრუქტურულ დისკრიმინაციას ექვემდებარებიან დაფინანსებისა და სალოცავ ადგილებზე ხელმისაწვდომობის კუთხით. ამასთან, სალოცავ ადგილებთან მიმართებით რესტიტუციისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურები არ არის სათანადოდ გამჭვირვალე და არ ემყარება ცხად და ობიექტურ სამართლებრივ კრიტერიუმებს. მრჩეველთა კომიტეტი განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოთქვამს საჯარო სკოლებში პროზელიტიზმისა და რელიგიური შეუწყნარებლობის გამოვლინებებზე და მიიჩნევს, რომ აუცილებელია განათლების სამინისტროს ჰქონდეს დისციპლინური პოლიტიკა, რათა უზრუნველყოს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნეიტრალიტეტი და დისკრიმინაციის აკრძალვა.

მრჩეველთა კომიტეტი ასევე მიუთითებს სიძულვილის ენის გამოყენების გაზრდილ ტენდენციაზე და აღნიშნავს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ სტატისტიკის წარმოებისა და გამომძიებლებისა და პროკურორებისათვის გადამზადების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, აუცილებელია დამატებითი ძალისხმევა.

ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად გამოყოფილია ეთნიკურ, რელიგიურ და ლინგვისტურ უმცირესობებთან დაკავშირებით მწირი სტატისტიკური ინფორმაციის არსებობა. სტატისტიკის ინკლუზიური პოლიტიკის შემუშავების მიზნით, მინისტრთა კომიტეტი სახელმწიფოს მოუწოდებს, 2023 წელს დაგეგმილი მოსახლეობის აღწერისათვის სტატისტიკის წარმოების ეფექტური მექანიზმი შეიმუშავოს. სტატისტიკის სიმწირე ასევე, ხაზგასმულია დისკრიმინაციის ფაქტებთან მიმართებით.

მრჩეველთა კომიტეტი დადებითად აფასებს სახალხო დამცველის საქმიანობას და ხაზს უსვამს დისკრიმინაციასთან ბრძოლის მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების კარგ ხარისხს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის ოფისი დგას ადამიანური რესურსების ნაკლებობის წინაშე, რაც, ბუნებრივია, აფერხებს დისკრიმინაციასთან ბრძოლას, განსაკუთრებით ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების მიმართ. ასევე დადებითად არის შეფასებული სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების არსებობა.

მრჩეველთა კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გაძლიერებულია სახალხო დამცველის წარმომადგენლების მუშაობა რეგიონებში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატის სათაო ოფისის მაღალი ქირის გამო, სახალხო დამცველს რესურსების შემცირება უწევს, რაც შესაძლოა, აპარატის მუშაობაზე უარყოფითად აისახოს.

საქართველოს სახალხო დამცველს იმედი აქვს, რომ ევროპის საბჭოს „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ“ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მესამე მოსაზრებაში ასახული რეკომენდაციები სრულად იქნება გაზიარებული შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებების მიერ და გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ნებისმიერ უწყებასთან უმცირესობების უფლებების უზრუნველყოფის პროცესში გამოვლენილი პრობლემური საკითხების მოგვარების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება