ახალი ამბები

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შეასრულა

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა არ შეასრულა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილისათვის გამგებლის წარმომადგენელთა ვინაობისა და სამსახურებრივი საკონტაქტო მონაცემების გადაცემას შეეხებოდა. ომბუდსმენის შეფასებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის უარი აღნიშნული ინფორმაციის გაცემაზე წარმოადგენს კახეთის საინფორმაციო ცენტრის უფლების – ინფორმაციის მიღების თავისუფლების დარღვევას. აღნიშნული უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 41–ე მუხლით.

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაცია შესრულებული არ არის, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2015 წლის 1 სექტემბრის წერილით საქართველოს სახალხო დამცველს საპირისპირო აცნობა, რითაც მცდარი ინფორმაცია მიაწოდა. აღნიშნულმა ადმინისტრაციულმა ორგანომ რეკომენდაციის შესრულების დასადასტურებლად წარმოგვიდგინა მათივე წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გადაეცა ახმეტის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების მხოლოდ კორპორატიული ნომრები, მათი ვინაობისა და სამსახურებრივი მისამართების მითითების გარეშე. აღნიშნული, რასაკვირველია, ვერ ჩაითვლება სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულებად.

ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა 2015 წლის 1 სექტემბრის წერილში ასევე აღნიშნავს, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია ღია იყო და არაერთხელ გამოქვეყნდა, მათ შორის, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო დაფაზე, თუმცა, ვინაიდან გამგებლის წარმომადგენლებს გააჩნდათ გარკვეული ნეგატიური დამოკიდებულება აღნიშნული ჟურნალისტის მიმართ, მათ უარი განაცხადეს ამ ინფორმაციის მისთვის მიწოდებაზე.

ზემოაღნიშნული წერილიდან იკვეთება, რომ ადმინისტრაციული ორგანო, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვერ აცნობიერებს გამჭვირვალობის, დემოკრატიის, საკუთარი პასუხისმგებლობების, მედიის როლისა და სახალხო დამცველის მანდატის მნიშვნელობას. საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ინფორმაციის თავისუფლების დარღვევის ეს და სხვა შემთხვევები გახდება ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან სათანადო მსჯელობის საგანი, ხოლო ინფორმაციის თავისუფლება, კონსტიტუციური გარანტიების პარალელურად, თანდათანობით გახდება ქვეყნის პოლიტიკური კულტურის განუყოფელი ნაწილი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება