ახალი ამბები

ადამიანის უფლებათადამცველთა დღე

საქართველოს, როგორც გაეროს ერთ-ერთ წევრ სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, ადამიანის უფლებათა დამცველებს შეუქმნას საქმიანობისთვის შესაბამისი პირობები და დაიცვას ისინი ნებისმიერი სახის ზეგავლენისაგან. სახალხო დამცველმა შარშან პირველად, „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ“ 2018 წლის ანგარიშში ცალკე თავი მიუძღვნა ადამიანის უფლებადამცველების მდგომარეობას საქართველოში.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ბოლო წლების სამწუხარო ტენდენციებზე; განსაკუთრებით იმ ფაქტებზე, როდესაც მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები სიტყვიერად ესხმოდნენ თავს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ახდენდნენ მათ დისკრედიტაციას. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებადამცველების მიმართ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელსაც კარგად დაფინანსებული ორგანიზებული ხასიათი ქონდა.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან ქალი უფლებადამცველები და ლგბტ პირების უფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავეები. ამ კონტექსტში უნდა აღინიშნოს „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებული მოვლენები; ასევე 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანთან“ მომხდარი მოვლენები, როდესაც ერთ-ერთი ქალ აქტივისტს მისი სამოქალაქო პოზიციის გამო დაესხნენ თავს.

შესაბამისად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, მოვუწოდებ ხელისუფლებას უფრო მეტი პრევენციული ღონისძიება გაატაროს იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ეწევიან ძალადობის პროპაგანდას და აგრესიულები არიან განსხვავებული მოსაზრებების მქონე პირთა მიმართ“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ უფლებადამცველების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე.

2019 წლის 9 დეკემბერს უფლებადამცველების საერთაშორისო დღე მეორედ აღინიშნა და მისი მიზანი იყო უფლებადამცველების და უფლებადაცვითი ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდა და მათი როლის აღიარება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება