ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე – საინფორმაციო კამპანია

2015 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს 9 დიდ ქალაქში საინფორმაციო კამპანია გამართა. კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების მიზნით, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ, განუმარტეს სახალხო დამცველის ინსტიტუციის როლი და ფუნქციები, დაურიგეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები.

„ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტი და კანონის უზენაესობა დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძვლებს წარმოადგენს. ამ ფუნდამენტური ღირებულებების განმტკიცებისათვის აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში. მიმდინარე წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ამოქმედდა ადამიანის უფლებათა აკადემია, ჩატარდა ტრენინგები ფოკუს–ჯგუფებთან, მოვამზადეთ საინფორმაციო ხასიათის რეკლამები, ვაქვეყნებთ ყოველთვიურ საინფორმაციო ბიულეტენს და ინტენსიურად ვავრცელებთ ოფისის საქმიანობის ამსახველ პრესრელიზებს. ყველა ამ ძალისხმევას ერთი მიზანი აქვს, გაიზარდოს საზოგადოების ინტერესი და ამაღლდეს სამოქალაქო ცნობიერება ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. დღევანდელი ჩვენი საინფორმაციო კამპანიაც ამ მიზანს ემსახურება“, – განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ქუთაისში გამართულ აქციაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე შონბი შარფი და დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლი.

ღონისძიებები თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთში, გორში, ახალქალაქში, თელავსა და მარნეულში ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის ოფისის საქმიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა.

10.12.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება