ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

2011 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს წარმოადგენს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

2020 წლის მსოფლიო გზავნილია: „გადაწყვეტილება ჩვენზეა“, რაც ხაზს უსვამს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა სრულყოფილი მონაწილეობის აუცილებლობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც გავლენას ახდენს მათ ცხოვრებაზე.

საქართველოში, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, დაუნის სინდრომის მქონე პირებს კვლავ ექმნებათ დაბრკოლებები უფლებების სათანადოდ რეალიზების პროცესში. ქვეყანაში გამოწვევას წარმოადგენს სტატისტიკურ მონაცემებზე, კვლევებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაფუძნებული, თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაზე ორიენტირებული სერვისების/პროგრამების შემუშავება. პრობლემად რჩება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებზე მორგებული ადრეული ინტერვენციის ღონისძიებების განხორციელება. იმგვარი სარეაბილიტაციო სერვისების დანერგვა, რომლებიც შეძლებს ყველა სამიზნე პირის დაფარვას და მისაწვდომი იქნება როგორც ფინანსური, ისე ტერიტორიული თვალსაზრისით.

გამოწვევაა დაუნის სინდრომის მქონე პირთათვის ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიწოდება, ამ მიზნით შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსის მობილიზება. პრობლემად რჩება ამ პირთა მიერ სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომა, საზოგადოებაში არსებული სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულება. შესაბამისად, აუცილებელია დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებებისა და ღირსებისადმი პატივისცემაზე ზრუნვა, არსებულ სტერეოტიპებთან, ცრურწმენებთან და მავნე ადათ-წესებთან ბრძოლა.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფოს თანმიმდევრული და შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯების გადადგმისკენ, დაუნის სინდრომის მქონე პირთა/მათი მხარდამჭერი ქსელის გაძლიერების, ამ პირთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულყოფილი და ეფექტური მონაწილეობის, დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე დაფუძნებული და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურებების დანერგვის, ხარისხიანი ინკლუზიური განათლების მიწოდების, დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების, სოციალურ და ჯანდაცვის მომსახურებებზე წვდომის გაუმჯობესების მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება