ახალი ამბები

შშმ პირთა უფლებების კონვენციის საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

2019 წლის 23 სექტემბერს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მე-19 შეხვედრა გაიმართა. სხდომას სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე უძღვებოდა.

სახალხო დამცველის მოადგილემ საბჭოს წარუდგინა სათათბირო ორგანოს ახალი წევრები - აპარატის რეგიონული სამმართველოების ხელმძღვანელები. ასევე აღნიშნა, რომ ნოემბრის ბოლოს რამდენიმე წევრს უწყდება უფლებამოსილების 2 წლიანი ვადა და საბჭოს მოწვეული წევრების შერჩევის მიზნით გამოცხადდება კონკურსი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირინე ობოლაძემ წარმოადგინა ინფორმაცია მონიტორინგის მექანიზმის მიერ განხორციელებული და სამომავლო ღონისძიებების შესახებ.

საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის: საჯარო სკოლებში მოსწავლის სწავლასთან დაკავშირებული სირთულეების იდენტიფიცირების პრობლემა, ინდივიდუალური ასისტენტის დანიშვნასთან დაკავშირებული ბარიერები, სპეცმასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შემუშავების პროცესში არსებული პრობლემები, ინკლუზიური განათლების გამოწვევები უმაღლესი განათლების საფეხურზე. საუბარი ასევე შეეხო შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციების სტატუსის სამართლებრივი დეფინიციისა და აღნიშნული სტატუსის მინიჭების სამართლებრივი მექანიზმის განსაზღვრის მნიშვნელობას, უსინათლოთა საჭიროებებს, სმენის შეზღუდვის მქონე პირთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის უფლებასთან მიმართებით არსებულ გამოწვევებს, შეფასების სოციალური მოდელის პილოტირებას, სხვა საკითხებს.

სათათბირო ორგანოს მორიგი სხდომა 3 თვის ვადაში გაიმართება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება