ახალი ამბები

სახალხო დამცველის განცხადება იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გამოსახლების თაობაზე

ბოლო პერიოდის განმავლობაში გახშირდა იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა გამოსახლების ფაქტები. სახალხო დამცველი იზიარებს საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესაბამისად დევნილთა გრძელვადიანი განსახლების აუცილებლობას, თუმცა მიმართავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს ყურადღება გაამახვილოს გამოსახლების პროცესის გარკვეულ ასპექტებზე.

აშკარაა, რომ აგვისტოს თვეში ინტენსიურმა გამოსახლებებმა დევნილებში დაძაბულობა და უკმაყოფილება გამოიწვია, რაც რამდენჯერმე საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. არის საფრთხე, რომ დევნილებში სამინისტროს მიმართ გაჩნდება უნდობლობა, რაც მომავალში სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესს გაართულებს.

სახალხო დამცველი და მისი აპარატი თვალყურს ადევნებდა თითოეული გამოსახლების პროცესს. განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე ტიპის პრობლემა:

  1. გამოსახლების შემჭიდროებული ვადები – დევნილებს, როგორც წესი, გამოსახლების შესახებ აფრთხილებენ 5 დღით ადრე. დევნილები მიუთითებენ, რომ ხშირ შემთხვევაში გაფრთხილება ატარებს ზეპირ ხასიათს. გამოსახლების მცირე ვადები, დევნილებს არ აძლევთ საშუალებას დაცალონ შენობები თავიანთი ნივთებისგან;
  2. სიტუაციას ართულებს ის ფაქტიც, რომ შენობებში განსახლებულნი არიან სხვადასხვა კატეგორიის დევნილები. თავად სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით დგინდება, რომ შენობებში იმყოფებოდნენ 2008 წლის რუსეთ–საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც კოტეჯების სანაცვლო თანხის ანაზღაურებას ელოდებოდნენ, კერძო სექტორში მცხოვრები დევნილები და დევნილთა ოჯახები, რომლებიც სამინისტროს ნებართვის საფუძველზე იყვნენ შენობებში შესახლებული. საქართველოს კანონმდებლობით თითოეული კატეგორიისათვის სხვადასხვა ტიპის მოპყრობა და სამართლებრივი გარანტიაა გათვალისწინებული.
  3. ინფორმირებულობის პრობლემა – როგორც წესი ის დევნილები, რომლებიც ალტერნატიულ განსახლებას ექვემდებარებიან არ ფლობენ ინფორმაციას ალტერნატიული საცხოვრებლის შესახებ, ან მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია აქვთ, რაც ძირითადად საცხოვრებლის ადგილმდებარეობით შემოიფარგლება. ზემოაღნიშნულის გამო შეუძლებელია დევნილთა მიერ ინფორმირებული არჩევანის გაკეთება.
  4. იმ მცირე შემთხვევებშიც კი, როდესაც დევნილებისთვის წინასწარ არის ცნობილი შეთავაზებული ალტერნატივის შესახებ, ხშირად დღის წესრიგში სხვა პრობლემა დგება. კერძოდ, ალტერნატიული ფართი არ აკმაყოფილებს საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ სტანდარტებს (მაგ. თვალჭრელიძის ქ.#2–დან საყვირის ქუჩაზე გადაყვანილ დევნილთა საქმე).
  5. დევნილთა განმარტებით, თავად გამოსახლების პროცესი შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებს. ხშირია სიტყვიერი შეურაცხყოფის, არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ცალკეულ შემთხვევაში დევნილები ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც კი მიუთითებენ.

მიმაჩნია, რომ აუცილებელია შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებსა და დევნილებს შორის მეტი კომუნიკაცია.

დევნილებს გამოსახლებამდე უნდა ჰქონდეთ ზუსტი წარმოდგენა და ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ მათ მიმართ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

მნიშვნელოვანია დევნილ მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა წინასწარ მოინახულოს შეთავაზებული ალტერნატიული ფართი და გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი.

დევნილთა ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაყვანამდე მოხდეს მათი სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილ მინიმალურ საცხოვრებელ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა

სახალხო დამცველი აგრძელებს დევნილთა გამოსახლების პროცესის მონიტორინგს. ამასთან, სრულყოფილი სურათის მისაღებად, სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს და გამოითხოვა პროცესის სამართლებრივი შესწავლისათვის აუცილებელი ინფორმაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)