სიახლეები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელი ლარა ჯამარაული ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა სამუშაოდ მიიწვია

სახალხო დამცველის აპარატის ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ლარა ჯამარაული გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR), „A“ სტატუსის მქონე ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების თანამშრომელთათვის განკუთვნილი პროგრამის ფარგლებში, 6 თვით სამუშაოდ მიიწვია.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად გამართულ კონკურსში მსოფლიოს მასშტაბით წელს სულ 3 მონაწილე შეირჩა, მათ შორისაა ლარა ჯამარაული, რომელიც წარმოადგენს ევროპის კონტინენტს.

სახალხო დამცველის წარმომადგენელს საშუალება ექნება უკეთ გაეცნოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმებს და უშუალოდ ჩაერთოს მათი მუშაობის პროცესში. ამ გამოცდილების მეშვეობით ლარა გაიღრმავებს ცოდნას და შეიძენს სამუშაო გამოცდილებას გაეროს ადამიანის უფლებათა სისტემაში, როგორც სახელშეკრულებო ორგანოებთან, ასევე, ადამიანის უფლებათა საბჭოსთან, უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვასა და სპეციალურ პროცედურებთან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატისთვის მნიშვნელოვანია გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებთან, ისევე, როგორც გაეროს სხვადასხვა სააგენტოსთან და ჟენევაში წარმოდგენილ არასამთავრობო ორგანიზაციებთან საკონტაქტო ქსელის გაფართოება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება