სიახლეები

სახალხო დამცველის ოფიციალური ვიზიტი ბრიუსელში

2019 წლის 3 და 4 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ბრიუსელში, ბელგიაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თავის დელეგაციასთან ერთად შეხვედრები გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში, მომავალი საქართველოზე მომუშავე გუნდის ლიდერ სიარა ობრაიანთან, აგრეთვე, ლიტველ ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩიუსთან და ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხების შესახებ მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის „აღმოსავლეთის სამეზობლო“ პროგრამის ხელმძღვანელ ლორენს მერიდითთან.

შეხვედრებზე ნინო ლომჯარიამ ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებების და თავისუფლების მდგომარეობის შესახებ. განიხილეს სახალხო დამცველის ჩართულობა და როლი 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიებაში. შეხვედრებზე სახალხო დამცველმა აგრეთვე იმსჯელა სამართალდამცავ სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა გასატარებელი რეფორმების საჭიროებაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ თავდასხმებზე, სასამართლოსა და პროკურატურის მიმართ საზოგადოების ნდობის დაბალ მაჩვენებელზე. მიმოიხილეს ბოლოდროინდელი გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები.

უნდა აღინიშნოს, რომ შეხვედრებზე ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები განსაკუთრებით დაინტერესდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესზე, რაზეც ნინო ლომჯარიამ მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, ამ პროცესის უდიდეს მნიშვნელობასა და არსებულ ხარვეზებზე მიუთითა.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა ისაუბრა კრიტიკული ტელევიზიების ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ამ სახის პროცესები სერიოზულ გავლენას ახდენს მედიის თავისუფლებასა და პლურალიზმზე, განსაკუთრებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით.

სახალხო დამცველმა განიხილა თანასწორობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა; აღნიშნა, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ულტრანაციონალისტური და ჰომოფობიური ჯგუფების გაძლიერება, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თანასწორობის იდეას და არ ხდება სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული დანაშაულებების მოწოდებებზე ეფექტური რეაგირება.

სახალხო დამცველი განაგრძობს ვიზიტს ბრიუსელში და მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეხვდება ევროპარლამენტის და ევროკომისიის სხვა წარმომადგენლებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება