სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის შეხვედრები გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტში და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისში

2020 წლის 11-12 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ შეხვედრები გამართა ქალაქ ჟენევაში, რომლის მიზანი იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციების შესაბამის ორგანოებთან პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ მსჯელობა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ შეხვედრები გამართა გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტში (SPT), კერძოდ ქვეკომიტეტის თავმჯდომარესთან ბატონ მალკოლმ ევანსთან, ასევე ევროპის რეგიონალურ ჯგუფთან, რომელიც ქვეკომიტეტის 9 წევრს აერთიანებს. შეხვედრების დროს წარდგენილ იქნა დეტალური ინფორმაცია პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობის, ბოლოდროინდელი ანგარიშებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი გაესვა SPT-ს მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელების აუცილებლობას და მნიშვნელობას, რათა დახურულ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა იქნას ჯეროვნად უზრუნველყოფილი და დაცული საქართველოში.

პრევენციის ეროვნული მექანიზმი, SPT-ის მსგავსად, გაეროს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმით არის შექმნილი. საქართველოში პრევენციის ეროვნული მექანიზმის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი. ფაკულტატიური ოქმის მიხედვით SPT-ს ერთ-ერთი უფლებამოსილებაა პრევენციის ეროვნული მექანიზმების მხარდაჭერა და სახელმწიფოებისთვის რეკომენდაციების მიცემა მექანიზმის გასაძლიერებლად.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ევროპისა და ცენტრალური აზიის სექციის ხელმძღვანელთან ჰულან ცედევთან. ხაზი გაესვა OHCHR-თან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მრავალწლიან საქმიანობას არასათანადო მოპყრობის პრევენციის პროცესში. შეხვედრებზე გაიმართა მსჯელობა პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიმდინარე გამოწვევებისა და ბოლოდროინდელი ინციდენტების შესახებ, რა დროსაც დახურულ დაწესებულებაში სახალხო დამცველისა და მისი წარმომადგენლების კონფიდენციალური ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდა იუსტიციის მინისტრისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ.

სახალხო დამცველის მოადგილე ასევე შეხვდა ორგანიზაციის წამების პრევენციის ასოციაციის (APT) გენერალურ მდივანს ბარბარა ბერნატს და ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის ოფიცერს, ქალბატონ ევა ჩერგოს. შეხვედრაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის ბოლოდროინდელი ანგარიშები და მის შემდგომ განვითარებული მოვლენები განიხილეს.

არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია. პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქცია ჩვენ წამების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის ნაწილად გვაქცევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მათთან მჭიდრო კომუნიკაცია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება