სიახლეები

სახალხო დამცველის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი

საქართველოს სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს გატარდეს პროაქტიული პრევენციული ღონისძიებები „ქართული მარშის“ მიერ კინოფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებისას თბილისისა და ბათუმის კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირების დაანონსებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა უწყებამ უზრუნველყოს როგორც ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა ასევე კინოჩვენებაზე დამსწრე ყველა პირის უსაფრთხოება.

პრევენციული ღონისძიებების გატარების მოთხოვნით სახალხო დამცველმა შინაგან საქმეთა მინისტრს ოფიციალური წერილით 2019 წლის 5 ნოემბერს მიმართა.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით დაცულია მხოლოდ მშვიდობიანი შეკრების შესაძლებლობა და არა იმგვარი ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვას. აღნიშნული მიზნით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს, მათ შორის დაუშვებელია შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების ბლოკირება.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, თავი შეიკავონ შეკრების ორგანიზებისა და ჩატარების კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევისგან, მათ შორის არ მოახდინონ კინოთეატრების შესასვლელების ბლოკირება. აღნიშნული ვალდებულებების დარღვევისთვის, დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება