სიახლეები

რუსთაველის ფონდმა სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა სრულად გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, საგრანტო ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საქართველოს სახალხო დამცველი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სისტემატიურად განიხილავს და აფასებს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს გადაწყვეტილებების კანონიერებას. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შედეგად ფონდის მიერ დაფინანსებული დოქტორანტების სასწავლო-კვლევითი გრანტის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში, მკვლევარები სახელმწიფოსგან მიღებული სრული სტიპენდიის დაბრუნების ნაცვლად, თანხის მხოლოდ აუთვისებელი ნაწილს დააბრუნებენ, ამასთან აღნიშნული რეგულირება გავრცელდება შესაბამის წესში ცვლილებების შეტანამდე დადებულ ხელშეკრულებებზეც, რომელთა საფუძველზე წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობები არ არის დასრულებული.

რეკომენდაციას საფუძვლად დაედო ერთ-ერთი დოქტორანტის განცხადება, რომელთანაც საგრანტო ხელშეკრულება დაიდო ზემოხსენებულ ბრძანებაში ცვლილების შეტანამდე. მიუხედავად იმისა, რომ მასთან დადებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა არ იყო გასული, მას ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე უარი უთხრეს. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და არღვევდა განმცხადებლის და მსგავს მდგომარეობაში მყოფი სხვა დოქტორანტების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდის მიერ რეკომენდაციის გაზიარებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)