სიახლეები

ონლაინ შეხვედრა თემაზე: „უფლებადამცველები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები“

2020 წლის 8 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: „უფლებადამცველები და მათ წინაშე არსებული გამოწვევები“. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ გამგეობის თავმჯდომარემ ბაია პატარაიამ, ასევე, სახელმწიფო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ადამიანის უფლებების თვალსაზრისით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებას და ბოლო წლებში უფლებადამცველთა წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისა თუ მადისკრედიტირებელი კამპანიების სამწუხარო ტენდენციას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებები განიხილეს.

საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსმა სალომე შენგელიამ სახალხო დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებულ ცვლილებებზე ისაუბრა, რამაც უფლებადამცველთა მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება და საპროცესო ხელმძღვანელობის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანოს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მზაობა გამოთქვა, საპილოტე რეჟიმში დაიწყოს უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების შესახებ სტატისტიკის წარმოება.

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ შეხვედრაზე „ადამიანის უფლებადამცველთა საკითხებზე მუშაობის სახელმძღვანელო“ წარმოადგინა, სადაც უფლებადამცველის ცნება არის განმარტებული. კერძოდ, „საქართველოს სახალხო დამცველი დადგენილი საერთაშორისო პრაქტიკისა და სტანდარტების საფუძველზე, უფლებადამცველად მიიჩნევს ყველა ადამიანს, პროფესიული თუ სხვაგვარი სტატუსის მიუხედავად, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად, მშვიდობიანი საშუალებების გამოყენებით, მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის, რეალიზებისა და ხელშეწყობისთვის ეროვნულ თუ საერთაშორისო დონეზე და აღიარებს ადამიანის უფლებათა უნივერსალურობას განურჩევლად ყველასთვის“. სახელმძღვანელოში, ასევე გამოკვეთილია სახალხო დამცველის აპარატის ძალისხმევა უფლებადამცველთა დაცულობისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდისთვის.

საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში უფლებადამცველთა წინაშე მდგარ გამოწვევებს, რასაც 2018 წლიდან დამოუკიდებელი თავი ეთმობა საპარლამენტო ანგარიშებში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)