სიახლეები

სახალხო დამცველი ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების გადავადების შესახებ კანონპროექტს

სახალხო დამცველი მიმართავს პარლამენტს არ გადაავადოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება, ვიდრე უმოკლეს ვადებში (1 ივლისამდე) არ მოხდება ამ ინსტიტუტის ამოქმედებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მობილიზება.

სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას წარმოადგენს. წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ეფექტიანი გამოძიების სისტემური ხასიათის პრობლემაზე მიუთითებდნენ.

საქართველოს სახალხო დამცველი 2013 წლიდან საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში მიუთითებდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის აუცილებლობაზე და სამართალდამცავების მხრიდან და პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელებული სიცოცხლის ხელყოფისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის რეკომენდაციას გასცემდა.

სამწუხაროდ, ეფექტიანი გამოძიება დღემდე რჩება ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად საგამოძიებო სისტემის წინაშე. ამის ნათელი ილუსტრაციაა სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალურ ანგარიშში „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“ მოცემული ფაქტები და რამდენიმე ათეულობით საქმის გამოძიების პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზები.

2018 წლის 21 ივლისს, საქართველოს პარლამენტის მიღებული კანონით (N3273-რს) შეიქმნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, რომლის მიზანია განახორციელოს სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მყოფი პირების სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება. სამსახურის ამოქმედების თავდაპირველ თარიღად 2019 წლის 1 იანვარი მიეთითა, თუმცა, მოგვიანებით მისი ამოქმედება გადავადდა 2019 წლის 1 ივლისამდე.

სახალხო დამცველის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების გადავადების მიზეზების შესწავლის შედეგად დადგინდა გადავადების ძირითადი მიზეზი - ფინანსური რესურსების არარსებობა. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარალამენტო ანგარიშში გაიცა რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისადმი, უზრუნველეყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებისთვის და შემდგომ ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დროული გამოყოფა. დამატებით, 2019 წლის 10 მაისს სახალხო დამცველმა საჭირო ფინანსური რესურსების დროულად გამოყოფის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

კანონის ამოქმედებამდე (2019 წლის 1 ივლისი) სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი. თუმცა, სამწუხაროდ, საჭირო ფინანსური რესურსები დღემდე არ არის გამოყოფილი, რის გამოც საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით იწყებს კანონპროექტის განხილვას, რომლის მიხედვითაც ისევ იგეგმება კანონის ამოქმედების გადავადება; ამჯერად 2019 წლის 1 ნოემბრამდე.

საყურადღებოა, რომ ბოლო ნახევარი წლის მანძილზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ერთი მხრივ არ გადაეცა საჭირო ფინანსური რესურსები, მეორე მხრივ კი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის 21 ივნისის წერილის მიხედვით - რესურსების დადგენა/გამოყოფის მიზნით არ შექმნილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ჩართულობით რაიმე სახის საკონსულტაციო ფორმატი რელევანტური სახელმწიფო უწყებების მიერ.

ამრიგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ 2019 წლის 1 ივლისამდე არ მოხდება საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების კიდევ ერთხელ გადავადება ვერ ჩაითვლება გამართლებულად და შეფასდება, როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის ფუნქციონირების ხელოვნური ხელშეშლისა და გაუმართლებელი გაჭიანურების მცდელობა.

შესაბამისად, მივმართავთ პარლამენტს, უზრუნველყოს ამ პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ საზოგადოებას მიეცეს უმოკლეს ვადებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შეუფერხებლად და სრულფასოვნად ამოქმედების მყარი გარანტიები.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება