სიახლეები

პროკურატურამ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიება განაახლა

საქართველოს პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის 2018 წლის 9 თებერვლის რეკომენდაცია და დ.ფ.ს მიმართ პოლიციელების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება განაახლა.

სახალხო დამცველი მიესალმება პროკურატურის გადაწყვეტილებას და პოზიტიურად აფასებს მას, განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც არასათანადო მოპყრობის ფაქტების არაეფექტური გამოძიება დღესდღეობით სახალხო დამცველის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად სახელდება.

საქართველოს პროკურატურამ მოქალაქე დ.ფ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდოდ განხორცილეებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიება დანაშაულის არარსებობის მოტივით 2017 წლის ნოემბერში შეწყვიტა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად კი გამოიკვეთა, რომ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ გამორიცხა დ.ფ.-ს მიმართ პოლიციელების არასათანადო მოპყრობა, ამდენად ჩატარებული გამოძიება არ იყო სრულყოფილი:

  • არ ჩატარდა ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება ნეიტრალური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.
  • პროკურატურამ დანაშაულის ფაქტი გამორიცხა მხოლოდ პოლიციელთა გამოკითხვის ოქმებით, რომელთა მიხედვითაც ისინი დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდნენ სხვა ადგილას და არა იქ, სადაც დ.ფ. მიუთითებდა;
  • არ ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები პოლიციელთა ადგილსამყოფელის უფრო დამაჯერებელი წყაროებით დადგენის მიზნით;
  • საგამოძიებო ორგანოს არ ჩაუტარებია საგამოძიებო მოქმედებები თავად დ.ფ.–ს მიმართ არსებული დაზიანებების ხარისხის განსაზღვრის მიზნით;
  • არ გამოკითხულან თავად ის პოლიციელები, რომლებსაც დ.ფ. არასათანადო მოპყრობის ჩამდენად ასახელებდა.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ განახლებული გამოძიების ფარგლებში ყველა ზემოაღნიშნული ხარვეზი აღმოიფხვრება და ჩატარებული გამოძიება ეფექტიანი და სრულყოფილი იქნება.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება