სიახლეები

შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა ინსტიტუტების მე–8 კონფერენცია

2016 წლის 2–5 ოქტომბერს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ ნათია კაციტაძემ და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გაბიანმა ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამში მიმდინარე შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა ინსტიტუტების მე–8 კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ჰოლანდიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის და ნიდერლანდების სახალხო დამცველის მიერ იყო ორგანიზებული და მას 29 ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენცია შეეხებოდა საერთაშორისო მისიებში მივლინებული სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვას და ამ მხრივ ომბუდსმენთა როლის აღიარებასა და გაძლიერებას.

კონფერენციაზე განიხილეს ომბუდსმენის როლი საერთაშორისო მისიებში მონაწილე სამხედროებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით, საერთაშორისო მისიებთან კომუნიკაცია, კოორდინაცია ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის, მისიიდან დაბრუნებული სამხედროების რეინტეგრაციის, ჯანდაცვის, სოციალური იმიჯის და ქვეყნის შიგნით სამხედრო სამსახურის გაგრძელების საკითხებზე.

აღნიშნული საკითხები მონაწილე ქვეყნების მაგალითის გაზიარებისა და საუკეთესო პრაქტიკისთვის რეკომენდაციების ჩამოყალიბების მიზნით, კონფერენციის მონაწილეებმა სამუშაო ჯგუფებში განიხილეს.

დასასრულს შეიმუშავეს განცხადება, სადაც საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა პრინციპები საერთაშორისო მისიაში მონაწილეთა, მისიიდან დაბრუნებულთა, ადგილობრივი მოსახლეობის და სხვა დაკავშირებულ პირთა უფლებების დაცვაში ომბუდსმენთა როლის შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)