სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველი სამხედრო ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო მე-11 კონფერენციაში მონაწილეობს

საქართველოს სახალხო დამცველი მონაწილეობას იღებს სამხედრო ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო მე-11 კონფერენციაში, რომელიც იმართება სარაევოში (ბოსნია ჰერცოგოვინა) 2019 წლის 28-30 ოქტომბერს. აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურია და მისი მიზანია მსოფლიოს მასშტაბით შეკრიბოს ყველა იმ მექანიზმის წარმომადგენელი, რომლებიც ზედამხედველობენ სამხედრო პირთა საქმიანობას და იმსჯელონ საერთო გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მრავალი წელია აღნიშნულ ღონისძიებაში იღებს აქტიურ მონაწილეობას. წელს 100-ზე მეტი მონაწილეა კონფერენციაზე წარმოდგენილი 47 ქვეყნიდან.

2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, სადაც ისაუბრა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე თავდაცვის სფეროში. განხილულ იქნა ის აქტივობები და ანგარიშები, რომლებიც გასწია თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა 2015 წლიდან დღემდე. საუბარი შეეხო, როგორც მიღწეულ პროგრესს და შესრულებულ რეკომენდაციებს, ასევე არსებულ გამოწვევებს. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი სახალხო დამცველის საქმიანობას ვეტერანების უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით და განხილულ იქნა წარმატებული კონსტიტუციური სარჩელი, რომლის შედეგად სუბსიდიის მიღების შესაძლებლობა მიეცა ყველა პირს, ასევე პარლამენტის მიერ გაზიარებული სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც ფინანსთა სამინისტროს დაევალა 2020 წლიდან ვეტერანთა საგადასახადო შეღავათის გაორმაგება. სახალხო დამცველმა ისაუბრა სამხედრო ნაწილებში განხორციელებულ მონიტორინგზე და ასევე წვევამდელთა უფლებრივი კუთხით არსებულ პრობლემებზე.

სამხედრო ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო მე-11 კონფერენციაზე განხილულ იქნება ის საფრთხეები, რომლებიც ზოგადად აქვთ ომბუდსინსტიტუტებს, ასევე მასზე რეაგირების გზები და ფორმები. განხილვები და ღონისძიებები არის დაგეგმილი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე და მამხილებელთა უფლებრივ მდგომარეობაზე სხვადასხვა ქვეყანაში.

სამხედრო ძალების ომბუდსმენთა საერთაშორისო მე-11 კონფერენციის მასპინძლები არიან ბოსნია ჰერცოგოვინის საპარლამენტო ასამბლეა და DCAF (Geneva Centre for Security Governance). ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გაბიანი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)