სიახლეები

ომბუდსმენმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

2019 წლის 20 მაისს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სპეციალური პრევენციული ჯგუფის განახლებულ შემადგენლობასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების უფლება-მოვალეობები, პროფესიულ ეთიკასთან დაკავშირებულ საკითხები, თანამშრომლობის წესები და პირობები განიხილეს.

შეხვედრის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრები ასევე, გაეცვნენ სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმის (დეპარტამენტის), თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის და ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის საქმიანობას.

სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელიც ტარდება ორ წელიწადში ერთხელ და მისი ჩატარების პირობები განისაზღვრება საქართველოს სახალხო დამცველის ბრძანებით.

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-191 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური პრევენციული ჯგუფი რეგულარულად ამოწმებს დაკავებულ, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირთა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა მდგომარეობას და მათდამი მოპყრობას წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან დაცვის მიზნით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება