სიახლეები

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

საქართველოს სახალხო დამცველი ულოცავს ყველა ვეტერანს და მადლობას უხდის მათ სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის და თავდადებისთვის. ყოველი ვეტერანი მისი ღვაწლით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და წარმოადგენს მაგალითს მომავალი თაობებისათვის.

საქართველოს სახალხო დამცველის მხრიდან, ვეტერანთა უფლებების დაცვის მიმართულებას აქტიური ყურადღება ექცევა. ვცდილობთ ვეტერანებთან დაკავშრებით სხვადასხვა სახის ადამიანის უფლებების დარღვევების იდენტიფიცირებას და მათი გადაჭრის გზების მოძიებას.

ერთ-ერთი წარმატებული საქმეა 22 ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდიის გაცემა, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ყველა ვეტერანისათვის თანაბრად. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა წარადგინა საკონსტიტუციო სარჩელი, რამაც შედეგი გამოიღო და 2019 წლის მაისის თვიდან, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საყოფაცხოვრებო სუბსიდია უკლებლივ ყველა ვეტერანზე გაიცემა. აღნიშნული ცვლილებით, დაახლოებით 23 000 ვეტერანს კუთვნილი სუბსიდიის მოთხოვნის შესაძლებლობა გაუჩნდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დავის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ დადგენილებაში, გაითვალისწინა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაცია და დაავალა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, 2020 წლიდან საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ვეტერანთა მიმართ გაზარდოს 6 000 ლარამდე, ხოლო მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანთა მიმართ - 9 000 ლარამდე.

საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს ვეტერანთა უფლებების დაცვაზე ზრუნვას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება