ალტერნატიული ანგარიშები

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ალტერნატიული ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის 93-ე სესიაზე რუსეთის ფედერაციის მოსმენისათვის ალტერნატიული ანგარიში წარადგინა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის სავარაუდო დარღვევის ფაქტებს მიმოიხილავს.

დოკუმენტის მიზანია რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის ყურადღება მიაპყროს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებს.

ანგარიში მიმოიხილავს 2013 წლიდან 2017 წლის მაისის ჩათვლით აფხაზეთსა ცხინვალის რეგიონში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობისადმი დისკრიმინაციულ მოპყრობას, იქ მცხოვრები სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან შედარებით. სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა დოკუმენტაციის საკითხი გალისა და ახალგორის რაიონის მკვიდრთათვის, გამყოფ ხაზზე გადაადგილების შეზღუდვა და დაკავებების ფაქტები რუსეთის სამხედრო ბაზებზე. ანგარიშში ხაზგასმულია საკუთრების უფლების ხელყოფის, მშობლიურ ენაზე განათლებისა და სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტები, რომლებიც ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ქართულ მოსახლეობას ეხებათ.

აღნიშნული უფლებების დარღვევაზე და დისკრიმინაციულ პოლიტიკაზე საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას. საქართველოს სახალხო დამცველი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს ასევე სთავაზობს რეკომენდაციებს რუსეთისადმი წარსადგენად.

რუსეთის ფედერაციის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კონვენციის შესრულებას კომიტეტი მიმდინარე წლის 3 და 4 აგვისტოს განიხილავს.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)