სიახლეები

შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში

2018 წლის 20 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა საქართველოში შშმ პირთა შრომის უფლების დაცვისა და განხორციელების მდგომარეობა; აღნიშნა, რომ შშმ პირთა დასაქმების დაბალი სტატისტიკური მაჩვენებელი და ჩატარებული კვლევების შედეგები ნათლად წარმოაჩენს სფეროში არსებულ გამოწვევებს; ისაუბრა საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების გაძლიერების აუცილებლობაზე; ამასთან, მნიშვნელოვნად მიიჩნია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოტივაციისა და ინფორმირებულობის გაზრდა სახელმწიფოს მიერ დასაქმების მიმართულებით შეთავაზებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში შეფასებული და გაანალიზებულია მოქმედი ნორმატიული ბაზა, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამი სახელმწიფო პროგრამა, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია. დოკუმენტში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში შშმ პირებთან გამართული შეხვედრების შედეგებიც არის ასახული.

სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა მონიტორინგის შედეგად დაადასტურა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროგრამების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული დებულებები საკმაოდ ზოგადი და დეკლარაციული ხასიათისაა, რაც თავის მხრივ აფერხებს მათ ეფექტიან იმპლემენტაციასა და მონიტორინგს. ამასთან, სახელმწიფო პროგრამების ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იდენტურია და არ არის გამყარებული საჭიროებათა კვლევის შედეგებით.

ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტისა და სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვან წინაღობას წარმოადგენს შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას არამომგებიანს ხდის. გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს შეიძლება შეუწყდეს სახელმწიფოს შემწეობა, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებისას შშმ პირს უწყდება სოციალური პაკეტი.

სახალხო დამცველის ხელთ არსებული ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული 46 708 ადამიანიდან მხოლოდ 55–ია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე. უკიდურესად მწირია კერძო სექტორში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობრივი მაჩვენებელიც, კერძოდ, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დასაქმებულ შშმ პირთა რაოდენობა 2017 წელს მხოლოდ 101 შეადგენდა.

ის ფაქტი, რომ პროგრამებში ჩართულ სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს, ცხადყოფს, რომ დასაქმების პრობლემა არ არის ეფექტურად გადაწყვეტილი. საგულისხმოა ისიც, რომ სახელწიფო პროგრამებით განსაზღვრული დასაქმების მხარდამჭერი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი და პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში არ არიან ჩართულნი შშმ პირები და/ან მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები.

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია

20.04.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება