სიახლეები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა

2015 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა“.

2015 წლის განმავლობაში სახალხო დამცველს არაერთმა პირმა მიმართა, რომლებსაც დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე სხვადასხვა დაბრკოლებები შეექმნათ. მათი პრობლემები ძირითადად უკავშირდება სათანადო საცხოვრებლის, განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და სხვა საკითხებს.

საქართველოში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ძალაში შესვლის მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის ჯერ კიდევ გამოწვევაა ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა თუ ინფორმაციის მისაწვდომობა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება, ხარისხიანი და უწყვეტი ინკლუზიური განათლება, ჯანდაცვა, დასაქმება. აღნიშნული პრობლემები განსაკუთრებით მწვავეა სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სახელმწიფოს მხრიდან სათანადო მხარდაჭერის გარეშე ისინი მოუმზადებელი არიან დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის.

2015 წლის აგვისტოში საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოუწოდა, ყველა პასუხისმგებელი სამინისტროს ჩართულობით მოახდინოს სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების საკანონმდებლო რეგულირება, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ, პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით, შეიქმნას სტრატეგია და სამოქმედო გეგმა სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციით ამ პირთათვის გარანტირებული უფლებების პრაქტიკულ იმპლემენტაციას.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

3.12.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება