სიახლეები

სახალხო დამცველმა საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები შეარჩია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი წარმოადგენს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ გაეროს 2006 წლის კონვენციის 33–ე მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის ეროვნულ მექანიზმს.

აღნიშნული მექანიზმის საქმიანობის ფარგლებში 2015 წელს შეიქმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო, რომლის საქმიანობის მიზანია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ აღნიშნული კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგის ეფექტიანი განხორციელების ხელშეწყობა, კონვენციის პრინციპების გათვალისწინებით.

საკონსულტაციო საბჭო დაკომპლექტებულია სახალხო დამცველის ოფისის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საბჭოს მოწვეული წევრების ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით გამოცხადდა კონკურსი.

საქართველოს სახალხო დამცველმა, განაცხადების მიღების შემდგომ შეარჩია გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს ახალი წევრები:

მარინე მამულია – ა(ა)იპ „მომავალი იწყება დღეს“ წარმომადგენელი. პროფესიით ექიმი, სამოქალაქო აქტივისტი. უსინათლოთა და მცირემხედველთა რეაბილიტაციის ინსტრუქტორი (ბავშვთა და მოზარდთა განათლება, სივრცითი და საყოფაცხოვრებო ორიენტაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია). აღნიშნული მიმართულებით ტრენინგების ორგანიზატორი და ტრენერი. 2010 წლიდან ხელმძღვანელობს უსინათლოთა და მცირემხედველთა რეაბილიტაციას. არის სხვადასხვა პროექტის ავტორი და განმახორციელებელი.

ეკატერინე ტოგონიძე – ა(ა)იპ „ყოველი მეათე ჩვენგანი“ წარმომადგენელი, აღნიშნული ორგანიზაციის დამფუძნებელი. ჟურნალისტი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი, სოციალური პროექტების ავტორი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკაზე მუშაობს 2010 წლიდან. 2013 წლიდან თანამშრომლობს აღნიშნულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრის კიდევ ერთ ვაკანტურ პოზიციაზე დამატებით გამოცხადდა კონკურსი.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)