სიახლეები

სახალხო დამცველის შეხვედრა პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებთან

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა, ამ დღეს საქართველო 2003 წლიდან აღნიშნავს. 2014 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს პენსიონერთა კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა და პირადად მიულოცა ეს დღესასწაული. ასევე, პირადად მოისმინა მათი პრობლემებისა და ინდივიდუალური უფლება-დარღვევების შესახებ.

საქართველოს პენსიონერთა კავშირის თავჯდომარემ ადერკინ კოპლატაძემ ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სამუშაოს შესახებ ისაუბრა. აღნიშნა, რომ მათ 60 ათასამდე პენსიონერს გაუწიეს მატერიალური დახმარება ფულადი სახსრებითა და პროდუქტებით, რაც თავისთავად მორალურ მხარდაჭერასაც ნიშნავს.

შეხვედრის დამსწრე პენსიონერებმა გულისტკივილი გამოთქვეს არასახარბიელო სოციალური დახმარებების, საპენსიო სესხების მაღალი საპროცენტო განაკვეთის, მთელი რიგი ჯანდაცვისა და სოციალური სერვისების (მედიკამენტები, შინ მოვლა, დღის ცენტრი, სათემო სერვისები) ხელმიუწვდომლობისა და სხვა პრობლემების გამო. ისაუბრეს ხანდაზმულთა თავშესაფრების სიმცირეზეც, სადაც მოხვედრა სწორედ ამის გამო გართულებულია.

სახალხო დამცველმა პენსიონერთა პრობლემების გადაჭრის საქმეში სახელმწიფოს მხრიდან ერთიანი მიდგომისა და საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. თავად უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ მართებული იქნებოდა პენსიის დანიშვნა ნამსახურობისა და სტაჟის მიხედვით. ომბუდსმენი პენსიონერებს სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმართვაში დახმარებას დაპირდა.

ხანდაზმულთა პრობლემებს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ2013 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშისპეციალური თავი აქვს დათმობილი. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების ნაწილი აისახა საპარლამენტო დადგენილებაში, რომელიც მთავრობას ხანდაზმულთათვის ახალი სერვისების დანერგვასა და განვითარებას ავალდებულებს.

იხილეთ შეხვედრის ფოტოგალერეა

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება