სიახლეები

სახალხო დამცველის მოადგილე გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

2018 წლის 12-14 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან კოხოძე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენციის მე-11 სესიას დაესწრნენ.

14 ივნისს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე მოხსენებით წარსდგა და ისაუბრა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე; ყურადღება გაამახვილა როგორც ინსტიტუციური მექანიზმების გაუმართაობაზე, ასევე შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრებისა და მათ მიერ ადამიანის ძირითადი უფლებებით ეფექტიანად სარგებლობის დამაბრკოლებელ პრობლემებზე.

„პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გამოწვევათა შორისაა როგორც ფიზიკური გარემოს, ისე ინფორმაციის მისაწვდომობის უფლების რეალიზაციის საკითხი. ინკლუზიური განათლების პროგრამის განხორციელების პარალელურად, კვლავ რჩება განათლების ხარისხისა და მისაწვდომობის პრობლემები. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დიდი ნაწილი კვლავ განათლების სისტემის მიღმაა დარჩენილი“ - აღნიშნა ეკატერინე სხილაძემ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს კონფერენციის თემა იყო „არცერთი ადამიანი შშმ პირთა უფლებების კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციის მიღმა“. ამასთან, მრგვალი მაგიდის ფორმატში ყურადღება გამახვილდა რამდენიმე პრიორიტეტულ საკითხზე, როგორიცაა ეროვნული ფისკალური სივრცე, საჯარო-კერძო სექტორების პარტნიორობა და საერთაშორისო თანამშრომლობა კონვენციის იმპლემენტაციის ხელშეწყობისთვის, შშმ ქალები და გოგონები, პოლიტიკური ჩართულობა და კანონის წინაშე თანასწორობა.

კონფერენციის პარალელურად გაიმართა ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალური ალიანსის წევრთა შეხვედრა, სადაც ეროვნულმა ინსტიტუტებმა შშმ პირთა უფლებების მონიტორინგის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.

გაეროში შშმ პირთა უფლებების კონვენციის წევრ სახელმწიფოთა კონფერენცია ყოველ წელს იმართება, თუმცა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ინსტიტუტებს შორის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის პრივილეგია პირველად მოიპოვა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება