სიახლეები

სახალხო დამცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მდგომარეობას საგანგაშოდ აფასებს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემებიდან მნიშვნელოვანი გამოწვევაა ამ პირთა შრომის უფლების რეალიზება.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციის ერთიან ონლაინსისტემაში worknet.gov.ge დარეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მაჩვენებელი უკიდურესად დაბალია, კერძოდ, 2015 წლის თებერვლის მონაცემებით, სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირებული 1 022 შშმ პირიდან დასაქმდა მხოლოდ 12 პირი. აპრილის მონაცემებით, 1 170 დარეგისტრირებული შშმ პირიდან დასაქმდა – 18 შშმ პირი. ხოლო 2016 წლის თებერვლის მონაცემებით, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირებული 1 689 შშმ პირიდან მხოლოდ 21 არის დასაქმებული.

სახელმწიფო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ვალდებულებას ჯეროვნად ვერც საჯარო სექტორში ასრულებს. საჯარო სამსახურის ბიუროს 2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საჯარო სექტორში დასაქმებული 53 109 ადამიანიდან მხოლოდ 112 არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი.

2015 წლის განმავლობაში სახალხო დამცველს აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით არაერთმა მოქალაქემ მიმართა. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს დეკლარირებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროექტების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო ამ პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ ვერ ხერხდება.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაეროს კონვენციის მიხედვით, დასაქმების თაობაზე სახელმწიფოს ძირითადი ვალდებულებაა უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების, პროფესიული და უწყვეტი განათლების მისაწვდომობა; ხელი შეუწყოს შრომით ბაზარზე მათი დასაქმებისა და სამსახურებრივი წინსვლის შესაძლებლობებს, ისევე როგორც სამუშაო ადგილის მოძიებას; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები დაასაქმოს საჯარო სექტორში და უზრუნველყოს მათი კერძო სექტორში დასაქმება შესაბამისი პოლიტიკისა და ღონისძიებების გატარებით.

2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას, შეიმუშაოს თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის და სტრატეგიის დოკუმენტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის თაობაზე, გაეროს 2006 წლის კონვენციის ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით; ხელი შეუწყოს ამ პირთა, ღია ბაზარზე, სხვებთან თანასწორ პირობებში, დასაქმების შესაძლებლობას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)