სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს უზრუნველყონ ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვა და რეალიზება, რათა ხელშეწყობილ იქნას მათი შესაძლებლობების გაფართოება და თანაბარი ჩართვა ყველა სფეროში.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღის დაარსების 25 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ მიმართვაში ისაუბრა ხანდაზმულ პირთა მნიშვნელოვან წვლილზე გლობალურ განვითარებაში, სახელმწიფოთა ვალდებულებაზე უზრუნველყონ საზოგადოების ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობა, ასევე მათთვის საჭირო სამედიცინო და სოციალური დაცვის ღონისძიებები საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღნიშნული და სხვა უფლებების სათანადოდ რეალიზება დღემდე გამოწვევად რჩება საქართველოში მცხოვრები ხანდაზმული მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ერთ–ერთ მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. დაბალია მათი სოციალური დაცვის ხარისხი, დიდი ნაწილი ცხოვრობს სიღარიბეში, არასაკმარისია სახელმწიფო პროგრამები და სერვისები, ამ პირთა მიმართ ხშირად ადგილი აქვს სხვადასხვა სახის ძალადობას, მათ შორის ოჯახის წევრების მხრიდან.

სახელმწიფოს არ გააჩნია ხანდაზმულთა მიმართ ეფექტური პოლიტიკა და მათი უფლებებისა და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სტრატეგია. შეფერხებულია დაბერების შესახებ მადრიდის საერთაშორისო სამოქმედო გეგმის და მისი რეგიონული იმპლემენტაციის სტრატეგიის განხორციელების პროცესი. აღნიშნული სამოქმედო დოკუმენტი ავალდებულებს სახელმწიფოს იზრუნოს ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების ადეკვატური პირობების, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე. მოახდინოს სიღარიბის დონის შემცირება და პრევენცია, შეიმუშავოს შესაბამისი სტრატეგია და პროგრამები.

ხანდაზმულთა პრობლემების აქტუალობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი, ბოლო რამდენიმე წელია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამ პირთა უფლებებზე და მათი დაცვის მიზნით საჭირო რეკომენდაციებით მიმართავს შესაბამის უწყებებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ზემოთ ხსენებული საერთაშორისო სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება, რომელსაც ექნება ყოვლისმომცველი მიდგომა და უპასუხებს საქართველოში დაბერების პროცესში მყოფი მოსახლეობის საჭიროებებს, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

ხანდაზმულთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნით, მიმდინარე წელს სახალხო დამცველმა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში განთავსებულ ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი განახორციელა, რომლის ფარგლებში გამოვლენილ ძირითად მიგნებებსა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის შემუშავებულ რეკომენდაციებს დაინტერესებულ საზოგადოებას სწორედ პირველ ოქტომბერს წარუდგენს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება