სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში შშმ პირთა გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი უკიდურესად შეშფოთებულია ბოლო თვეების განმავლობაში სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გარდაცვალების ფაქტების გამო.

გასული სამი თვის განმავლობაში 3 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელშიც, სავარაუდოდ, პასუხისმგებელი პერსონალის მხრიდან დაუდევრობის ნიშნები იკვეთება. აღსანიშნავია, რომ მარტყოფისა და დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში სრულწლოვანი ბენეფიციარების გ.მ.–ს და ი.გ.–ს გარდაცვალება კვების პროცესს უკავშირდება, ხოლო თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარი მ.ქ. იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც მორიგე პერსონალი მასთან არ იმყოფებოდა.

აღნიშნული უაღრესად საშიში ტენდენციის სახეს იღებს, მით უფრო, სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში, სადაც კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს კეთილმოწყობილ, სუფთა და უსაფრთხო გარემოში. სათანადო ყურადღება მიექცეს ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობას და მოხდეს მათი უზრუნველყოფა, მოთხოვნილებების შესაბამისი, ხარისხიანი და უსაფრთხო საკვებით. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბენეფიციარებს კი ადმინისტრაცია დახმარებას უნდა უწევდეს კვების პროცესში.

ზემოთხსენებული დაწესებულებები წარმოადგენენ სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის ტერიტორიულ ერთეულებს (ფილიალებს) და მათ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. აუცილებელია, სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ადეკვატური რეაგირება მოახდინონ ასეთ შემთხვევებზე, გამოიკვეთოს არსებული ცალკეული თუ სისტემური ხარვეზები და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება მათი აღმოფხვრისა და მომავალში ასეთი ფაქტების პრევენციისთვის. ამასთან, სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია მსგავსი ტიპის დაწესებულებების შიდა მონიტორინგისა და ზედამხედველობის მექანიზმის გაძლიერება და აღნიშნულ პროცესში შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა.

საქართველოს სახალხო დამცველი ასევე, მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს მოახდინონ ზემოაღნიშნული ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირის გამოვლენა.

ომბუდსმენის აპარატი, კომპეტენციის ფარგლებში სწავლობს მოცემულ საქმეებს, ყურადღებით ადევნებს თვალყურს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და შედეგების თაობაზე მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)