სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

ყოველწლიურად 3 დეკემბერს მსოფლიო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მიმდინარე წელს ამ დღის თემაა „მდგრადი განვითარების დღის წესრიგის 17 მიზნის მიღწევა მომავლისთვის, რომელიც ჩვენ გვინდა“. თემა ყურადღებას ამახვილებს ინკლუზიური გარემოს მშენებლობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა როლზე და სოციალური ბარიერების აღმოფხვრაზე.

3 დეკემბრის დღესთან დაკავშირებით, გაეროს გენერალურმა მდივანმა თავის მისალმებაში განაცხადა, რომ აღნიშნული 17 მიზნის მისაღწევად საჭიროა საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობისა და სრული ინკლუზიის უზრუნველყოფა, მათ მიმართ არსებული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზით.

საქართველოში გაეროს კონვენციის რატიფიცირებიდან ორი წლის შემდეგ დღის წესრიგში კვლავ არაერთი პრობლემა დგას. მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა კონვენციის აღსრულების ქმედითი მექანიზმის შექმნა და დასახელებული დოკუმენტის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება; სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ადამიანებისთვის არ არის უზრუნველყოფილი ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობა.

სახელმწიფოს წინაშე არსებული ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება; ასევე, ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. საგანმანათლებლო პროცესი სრულად არ მოიცავს სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში.

ქვეყანაში არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოება და კვლევითი მონაცემების შეგროვება, რაც აუცილებელია კონვენციის ეფექტური განხორციელებისათვის საჭირო პოლიტიკის შემუშავებისა და უზრუნველყოფის საქმეში.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რათა უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი მონაწილეობა ინკლუზიურ და მდგრად საზოგადოებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)