სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება კომპანია “KFC“–ის სტიგმის შემცველი სარეკლამო ხასიათის ფოტოს შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სწრაფი კვების დაწესებულების „ქეი ეფ სი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ქართულ გვერდზე გამოქვეყნებული სარეკლამო ხასიათის ფოტოს გამო, რომელიც შეიცავს სტიგმასა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირები მარგინალიზებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი, რის გამოც ასეთი პირები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო ხასიათის პროდუქტები არ იწვევდეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების ღირსების შელახვას და მათი იზოლაციის ხელშეწყობას.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ზემოაღნიშნულ კომპანიას, უზრუნველყოს აღნიშნული სარეკლამო ხასიათის ფოტოს გამოყენების შეჩერება. ამასთან ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებამ საქართველოში, თავი შეიკავოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი პროდუქტის ტირაჟირებისგან. უფრო მეტიც, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებითა და სერვისებით სხვების თანაბრად სარგებლობას და იზრუნონ გარემოსა და მომსახურების პირობების გონივრულად მისადაგებაზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება