სიახლეები

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება აუტიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით

2 აპრილს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე აღინიშნება. მსოფლიო მხარს უჭერს აუტიზმის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას და ხმას იმაღლებს დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

2018 წელს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია აუტიზმის მქონე ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვაზე, რომლებიც მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან მათ შორის, განათლებასა და დასაქმებაზე თანაბარი მისაწვდომობის, რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების რეალიზებისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. გაეროს გენერალური მდივნის წლევანდელ გზავნილში ნათქვამია, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა უნდა წვდებოდეს და ეხებოდეს ყველა ქალსა და გოგონას. ხელშეწყობილ უნდა იქნას აუტიზმის მქონე ყველა ადამიანის სრულ მონაწილეობა საზოგადოებაში, რათა არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა.

საქართველოში აუტისტური სპექტრის მქონე პირების უფლებების დაცვის კუთხით ჯერ კიდევ რჩება პრობლემები. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის აუცილებელი პროგრამებისა და მომსახურებების ნაკლებობა, აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდული რაოდენობა, ტერიტორიული ხელმისაწვდომობა. გაწეული მომსახურების ხარისხი, პერსონალის სიმწირე და კვალიფიკაცია.

ინკლუზიური განათლების მიღების პროცესში არსებული ხარვეზები და არასაკმარისი მხარდაჭერა აფერხებს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მიერ ამ უფლების პრაქტიკულ რეალიზებას.

გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიზნით მნიშვნელოვანია დაიგეგმოს აუტიზმის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ეფექტური ღონისძიებები, გენდერული ასპექტების გათვალისწინებით.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფოს ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ყველა პირს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების განხორციელებაში. უზრუნველყოს მათი სათანადო მხარდაჭერა, რათა სხვა პირთა თანაბრად შეძლონ სრული მონაწილეობა საზოგადოებაში.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება