სიახლეები

საქართველოს მთავრობამ გაეროს შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის მონიტორინგის სტრუქტურად სახალხო დამცველის აპარატი დაასახელა

2014 წლის 27 ოქტომბერს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო საკოორდინაციო საბჭოს #6 სხდომაზე საქართველოს მთავრობამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად საქართველოს სახალხო დამცველი დაასახელა.

2013 წლის 26 დეკემბერს საქართველომ მოახდინა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 12 აპრილიდან.

კონვენციის იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი და მონიტორინგის განმახორციელებელი უწყებების წარმოდგენა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და იუსტიციის მინისტრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 17 იანვარს გამართულ საკოორდინაციო საბჭოს #5 სხდომაზე დაავალა.

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა მონიტორინგის მექანიზმის თემასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის მიზნით 12-21 თებერვალს გამართა დისკუსიები სამეგრელოს, აჭარის, იმერეთის, ქვემო და შიდა ქართლის რეგიონებში. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა.

2015 წლის იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში შეიქმნება კონვენციის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც მოიცავს აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ცენტრის რეორგანიზაციას დეპარტამენტად და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების საბჭოს ფორმირებას. დეპარტამენტისა და საბჭოს მიერ მომზადებული ანგარიში გაიგზავნება გაეროს შესაბამის (CRPD) კომიტეტში.პირველი ანგარიში გადაიგზავნება 2016 წლის აპრილში, ხოლო ყოველი მომდევნო ანგარიში 4 წელიწადში ერთხელ.

ამ თემაზე 2014 წლის 31 ოქტომბერს 16.00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში საქართველოს სახალხო დამცველი გამართავს საჯარო დებატებს, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება