სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე

2019 წლის 18 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ნინო ვალიკოვმა და მადონა ბასილაძემ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივი თვითმმართველობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოსა და ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმომადგენლებისთვის.

აპარატის თანამშრომლებმა ისაუბრეს საქართველოს სახალხო დამცველის მანდატზე, შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის პროცესზე, შშმ პირთათვის მისაწვდომობის სტანდარტების უზრუნველყოფის საკითხებზე. ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საბჭოების ფუნქციონირებასა და მუნიციპალური პროგრამების ეფექტურობაზე, ასევე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებსა და ვალდებულებებზე სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში.

შეხვედრის მონაწილეებმა თავიანთი მოსაზრებები დისკუსიაში დააფიქსირეს და სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

შეხვედრა დაიგეგმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფარგლებში და მის მიზანს წარმოადგენდა ამ პირთა უფლებების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის ზრდა.

2019 წლის განმავლობაში ასეთივე შეხვედრები გაიმართა სიღნაღის, მესტიის, ბათუმის, ამბროლაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საინფორმაციო შეხვედრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის „მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
გამოგზავნეთ შეტყობინება