სიახლეები

გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარები ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით 2019 წლის 5 ნოემბრიდან გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ზოგადი კომენტარები სახალხო დამცველის ვებ-გვერდზე ქართულ ენაზე იქნება ხელმისაწვდომი.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ დასახელებული საერთაშორისო დოკუმენტების ქართულ ენაზე მისაწვდომობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს ყოველდღიურ საქმიანობაში, უფლებების ადვოკატირების პროცესში აქტიურად გამოიყენონ კომიტეტის მიდგომები და განმარტებები, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვის ხარისხს.

ზოგადი კომენტარები გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ მიღებული დოკუმენტებია, რომელიც განმარტავს საერთაშორისო ხელშეკრულების კონკრეტულ დებულებებს.

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა 2014 წლიდან დღემდე უკვე გამოაქვეყნა 7 ზოგადი კომენტარი, რომელიც განმარტავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ 2006 წლის კონვენციის შემდეგ მუხლებს:

  1. მუხლი 12: კანონის წინაშე თანასწორობა - ზოგადი კომენტარი N1
  2. მუხლი 9: მისაწვდომობა - ზოგადი კომენტარი N2
  3. მუხლი 6: შშმ ქალები და გოგონები - ზოგადი კომენტარი N3
  4. მუხლი 24: უფლება ინკლუზიურ განათლებაზე - ზოგადი კომენტარი N4
  5. მუხლი 19: დამოუკიდებელი ცხოვრების უფლება - ზოგადი კომენტარი N5
  6. მუხლი 5: თანასწორობა და დისკრიმინაციის აკრძალვა - ზოგადი კომენტარი N6
  7. მუხლები 4.3. და 33.3. კონვენციის განხორციელებისა და მონიტორინგის პროცესში შშმ პირთა მონაწილეობა - ზოგადი კომენტარი N7.

იხილეთ ზოგადი კომენტარების ელექტრონული ვერსია

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება