ანგარიშები

შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების მონიტორინგის ანგარიში

საქართველოს სახალხო დამცველმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება შეაფასა. სპეციალურ ანგარიში გაანალიზებულია არსებული ნორმატიული ბაზა, მათ შორის მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამი სახელმწიფო პროგრამა, ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაცია და ასახულია შშმ პირებთან საქართველოს 6 ქალაქში (თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და თელავში) გამართული შეხვედრების შედეგები.

სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დადასტურდა, რომ მიუხედავად სახელმწიფოს გაცხადებული ნებისა – უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმება და რიგი პროგრამების არსებობისა, სათანადო სამართლებრივი გარანტიების, პრაქტიკული ხელშეწყობისა და აღსრულების ეფექტური მექანიზმების ნაკლებობის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შრომის უფლების რეალიზება სათანადოდ არ ხდება.

ქვეყნის შიდა კანონმდებლობით და სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული დებულებები საკმაოდ ზოგადი და დეკლარაციული ხასიათისაა, რაც თავის მხრივ აფერხებს მათ ეფექტიან იმპლემენტაციასა და მონიტორინგს. ამასთან, სახელმწიფო პროგრამების ღონისძიებები რიგ შემთხვევებში იდენტურია და არ არის გამყარებული საჭიროებათა კვლევის შედეგებით.

ფიზიკური გარემოს, ტრანსპორტისა და სამუშაო სივრცის მისაწვდომობის პრობლემა მნიშვნელოვანი ბარიერია შშმ პირის სამსახურში მისვლის, სამუშაოს შესრულებისა და კოლექტივთან სოციალიზაციის პროცესში. დასაქმების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი ძალიან დაბალია, რაც სხვა დამატებითი ბარიერების გათვალისწინებით, საქმიანობას არამომგებიანს ხდის. გარდა ამისა, მუშაობის დაწყების შემთხვევაში, შშმ პირის ოჯახს შეიძლება შეუწყდეს სახელმწიფოს შემწეობა, ხოლო საჯარო სამსახურში დასაქმებისას შშმ პირს უწყდება სოციალური პაკეტი.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული 869 სტატისტიკური მონაცემი ცხადყოფს, რომ პროგრამებში ჩართულ სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რაოდენობა ბევრად აღემატება რეალურად დასაქმებულთა მაჩვენებელს. რაც ადასტურებს, რომ ამ პირთა დასაქმების პრობლემა არ არის ეფექტურად გადაწყვეტილი. საგულისხმოა ისიც, რომ სახელწიფო პროგრამებით განსაზღვრული დასაქმების მხარდამჭერი მომსახურების ხარისხის კონტროლის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები არ არის საკმარისი და პროგრამების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში არ არიან ჩართულნი შშმ პირები და/ან მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციები.

გაძლიერებას საჭიროებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რომლებიც სტერეოტიპებისა და ნეგატიური მითების დანგრევას ემსახურება. ამასთან, მნიშვნელოვანია თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოტივაციისა და ინფორმირებულობის გაზრდა დასაქმების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისებისა და პროგრამების შესახებ.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება