რეკომენდაციები

სახალხო დამცველმა შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში ნასამართლობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაცია დაადგინა

2018 წლის 1 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შპს „სუფთა სამყაროს“ ნასამართლეობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა.

განცხადების თანახმად, 2018 წლის 20 იანვარს სამუშაო ადგილზე დაფიქსირდა ქურდობის ფაქტი, რის შემდეგაც კომპანიის წარმომადგენლებმა განმცხადებლის მიმართ გამოხატეს უნდობლობა, ვინაიდან იმავე დღეს თავად განმცხადებლისგან გაიგეს, რომ ქურდობისთვის იყო ნასამართლევი. აღნიშნულის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლებმა განმცხადებელს უთხრეს, რომ მუშაობას ვეღარ განაგრძობდა, რადგან არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ არ იქურდებდა. განმცხადებელს შესთავაზეს, რომ დაეწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ და დაპირდნენ, რომ იმავე პოზიციაზე დაასაქმებდნენ ისეთ ობიექტში, სადაც ქურდობის ჩადენის ნაკლები რისკი იქნებოდა. ამის გამო, 2018 წლის 22 იანვარს განმცხადებელი, მისივე განცხადების საფუძველზე, გათავისუფლდა სამსახურიდან. აღსანიშნავია, რომ ვიდეო კამერები ქურდობის ღამესვე კამერების ჩანაწერები გადამოწმდა გამოირკვა, რომ ქურდობა სხვა თანამშრომელმა ჩაიდინა, რომელიც დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს „სუფთა სამყაროდან“.

რეკომენდაციაში სახალხო დამცველმა ფაქტობრივი გარემოებები შეაფასა შრომის სამართლის კონტექსტში და განმარტა, რომ განმცხადებელს და მოპასუხეს შორის არ დადებულა ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რადგან ის არ იყო წერილობითი ფორმით გაფორმებული. შესაბამისად, სახალხო დამცველმა განმარტა, რომ მხარეებს შორის არსებობდა ზეპირი ფორმით უვადოდ დადებული შრომითი ხელშეკრულება. ამასთან, სახალხო დამცველმა არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ სამუშაო ადგილის ცვლილებაზე გადაწყვეტილება, რომელიც კ. ჟ-ს მიერ წერილობით არის დაფიქსირებული, განმცხადებელმა დამოუკიდებლად მიიღო.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სასჯელის უმთავრესი მიზანი მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაა. მსჯავრდებულმა სასჯელის მოხდის პერიოდში უნდა მიიღოს ან გააღრმავოს მისთვის სასურველი და ხელმისაწვდომი განათლება და უნარ - ჩვევები, მიეცეს საშუალება მონაწილეობდეს სპორტულ, სახელოვნებო, ინტელექტუალურ თუ სხვა სახის ღონისძიებებში. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია არის კომპლექსური საკითხი და არ არის მხოლოდ მსჯავრდებულის ან სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების დამოკიდებულებას. დაუშვებელია ადამიანების სტიგმატიზაცია და მათ მიმართ უნდობლობა, თუ არ არსებობს რეალური საფუძველი.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში განმარტა, რომ ქურდობის ფაქტი, რომელიც, მოპასუხის მითითებით, არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და არც განმცხადებელს ჩაუდენია, დაუშვებელია, გახდეს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ განმცხადებელი წარსულში ნასამართლევი იყო.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შპს „სუფთა სამყაროს,“ აღმოიფხვრას განმცხადებლის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგი მისი სამუშაო ადგილზე აღდგენის გზით, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობებში ნასამართლობის ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისგან და საქმიანობა წარმართოს თანასწორობის პრინციპის დაცვით.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)
ონლაინ დახმარება